მთავარი / სიახლეები / მარიო ლემინა “იუვეს” პერიოდზე, ალეგრისთან ჩხუბზე, “რეალთან” ფინალზე…

მარიო ლემინა “იუვეს” პერიოდზე, ალეგრისთან ჩხუბზე, “რეალთან” ფინალზე…

ინგლისური „ვულვზის“ ფეხბურთელმა მარიო ლემინამ, რომელიც „იუვენტუსში“ 2 წელი თამაშობდა, ტურინულ კლუბში გატარებულ სეზონებზე ვრცლად ისაუბრა. მან გაიხსენა 2017 წელს მადრიდის „რეალთან“ წაგებული ფინალი და ასევე მასიმილიანო ალეგრისთან ვარჯიშზე ჩხუბზე ილაპარაკა.

„იუვეში“ ჩემი მიზნებით გადავედი. იქ ყოველდღიურად უნდა დაამტკიცო, რომ ამ გუნდის წევრობა შეუძლია, ყველაფერი უნდა გაიღო და მათ პატივი სცე. პირველ 10 თამაშში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი და ეს საქმეს აადვილებდა. ვარჯიშები ინტენსიური იყო, ხანგრძლივი, ძალიან ფიზიკური, პირველი თვის განმავლობაში დღის ბოლოს მკვდარი ვიყავი. თუმცა, ეს მომგებიანი იყო, ყოველდღე მუშაობა, რადგან იქ დიდებული ფეხბურთელები იყვნენ. პოგბა, მარკიზიო, ხედირა, დასაკარგი არაფერი მქონდა. ყოველდღე უნდა დაუმტკიცო ამ მოთამაშეებს, რომ შეგიძლია მათ დონეს მიაღწიო.

სამწუხაროდ, იმ დროს მარკიზიო ტრავმირებული იყო და ამიტომ სათამაშო დრო თავიდანვე მომეცა. მწვრთნელი მენდობოდა და ამავდროულად მეორე არჩევანი ვიყავი, რადგან ნახევარდაცვაში სხვა არავინ იყო. 6 თამაში ვითამაშე და 5-ჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გავხდი, ასე რომ, ჩემთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. შემდეგ მარკიზიო დაბრუნდა. ის ტურინში პრინცია და ამიტომ უნდა ეთამაშა! პრობლემა არ მქონია, ეს მივიღე. ფორმაში დასაბრუნებლად უნდა ეთამაშა და სათადარიგო სკამზე გადასვლა მომიწია. თუმცა, როდესაც 6-დან 5 მატჩში საუკეთესო ხარ, იწყებ შეკითხვის დასმას, რატომ? ამის შემდეგ უფრო გამიჭირდა ამ სიტუაციის მიღება, რადგან ვიცოდი ჩემი დონე, ვიცოდი, რომ თამაში შემეძლო. სათადარიგო სკამზე იმიტომ ვიჯექი, რომ სხვებს ჩემზე მაღალი სტატუსი ჰქონდათ. მაშინ ყველაფერი რთული გახდა, გაინტერესებს, რატომ ხარ სკამზე, როცა დაამტკიცე, რომ შეგიძლია მოედანზე ყოფნა.

გუნდისგან დიდი მხარდაჭერა მქონდა. ამ გაუგებრობის გამო ერთ-ერთ ვარჯიშზე ალეგრისთან შელაპარაკება მომივიდა. იმ ტურში თამაში წავაგეთ და ვგრძნობდი, რომ იმედგაცრუება მე მიკავშირდებოდა. მე არ დავეთანხმე და დისკუსია გვქონდა, რომელიც კარგი არ იყო, რამაც ვარჯიშის დროს გარემო დაამძიმა. ამის შემდეგ ერთი თვე მარტო ვვარჯიშობდი, მწვრთნელმა არ დააფასა ის, რაც გავაკეთე და ბედნიერი არც მე ვიყავი. მერე ძალიან გაკვირვებული ვიყავი ჩემი თანაგუნდელების პოზიციით. ბონუჩი, კიელინი, ბუფონი, ევრა – ისინი მივიდნენ ალეგრისთან უთხრეს: „მარიო გუნდში უნდა დააბრუნო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს, მან უნდა ითამაშოს, რადგან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“. როცა ეს დავინახე, როცა ჩემმა თანაგუნდელებმა მხარი დამიჭირეს, მივხვდი, რომ მართალი ვიყავი. ძალიან გამიხარდა, ეს წარმოუდგენელი იყო.

პოგბა? ჩვენ ერთმანეთს საფრანგეთის 20-წლამდე ნაკრებიდან ვიცნობდით. ის ფიზიკურად შთამბეჭდავად ძლიერია, ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, რაც მინახავს. ყველაფერში უძლიერესი, ყველა ვარჯიშზე, თამაშზე. მასთან მუშაობა სასიამოვნოა.

პირველი სეზონის შემდეგ „იუვეში“ დიბალამ იფეთქა, იგუაინი და დანი ალვეში გვყავდა, საოცარი ფეხბურთელი, გასახდელში ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო ნაზავი, რომელიც გუნდში საჭირო იყო. ასეთი ინდივიდებით იტალიაში ვიმარჯვებდით, მიუხედავად იმისა, რომ ადვილი არ იყო და ბრძოლა გვიწევდა. მეორე სეზონში ფეხბურთელები ერთმანეთსაც უკეთ ვიცნობდით, პიანიჩი საუკეთესო ფორმაში იყო, ხედირას, რომელსაც ჩვეულებრივ ხშირი ტრავმები ჰქონდა, იმ სეზონში ტრავმა არ მიუღია და მეც ამიტომ ბევრი თამაში არ მიწევდა (იღიმის – რედ). დაცვაში სამი ფენომენი გვყავდა, გარდა ამისა, ალექს სანდრო თავის საუკეთესო დონეზე თამაშობდა. იმ სეზონში (2016-2017) ძალიან მაღალ დონეს მივაღწიეთ. ვგრძნობდით, რომ ერთი მიმართულებით მივდიოდით. უბრალოდ მოგება გვინდოდა. „ბარსელონა“ დავამარცხეთ, მაგრამ ფინალში გასვლა რომ შეგვეძლო, ამას „ლიონთან“ მოგების შემდეგ მივხვდით, როდესაც 10 ფეხბურთელით მოვიგეთ და კუადრადომ გოლი წარმოუდგენელი დარტყმით გაიტანა. შეტევაში საოცარი თვისებების მქონე ფეხბურთელები გვყავდა, როცა მანჯუკიჩი, დიბალა, იგუაინი გყავს, იცი, რომ ერთი საგოლე მომენტიც საკმარისია გოლის გასატანად.

„რეალთან“ ფინალი? იმ მომენტში ევროპის ორი საუკეთესო გუნდი შეხვდა ერთმანეთს. ისინი ძალიან ძლიერები იყვნენ, მაგრამ ჩვენც მზად ვიყავით, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. თუმცა, იყო ისეთი ელემენტები, როგორიცაა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც განსხვავებას ქმნიდა. ძალის, სითამამის, თავგანწირვის ჩვენება მოვახერხეთ და დავამტკიცეთ, რომ ფინალში ყოფნას ვიმსახურებდით. კაზემიროს გოლით თამაში გართულდა, მანამდე ჯერ კიდევ გვჯეროდა გამარჯვების. შემდეგ არ ვიცი რატომ, მაგრამ კუადრადო გააძევეს და მოგება შეუძლებელი გახდა“, – თქვა ლემინამ.

შეგახსენებთ, რომ მარიო ლემინა „იუვენტუსში“ 2015-2017 წლებში თამაშობდა და 44 მატჩში 3 გოლი გაიტანა. გაბონელი ფეხბურთელი ტურინელებმა „მარსელიდან“ დაიმატეს, შემდეგ კი მან „საუთჰემპტონში“, „გალათასარაიში“, „ფულჰემში“ და „ნიცაში“ თამაშობდა, მიმდინარე თვეში კი ინგლისურ „ვულვზში“ გადავიდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …