მთავარი / სიახლეები / ლოკატელის ინტერვიუ მიზნებზე, ფაჯოლიზე, “ინტერთან” მოგებასა და სხვა თემებზე

ლოკატელის ინტერვიუ მიზნებზე, ფაჯოლიზე, “ინტერთან” მოგებასა და სხვა თემებზე

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ კლუბის ოფიციალურ არხს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

„ინტერთან“ მატჩზე: „როდესაც გვიან საღამოს ვთამაშობთ, ადრენალინი გვაქვს და უფრო გვიან ვიძინებთ. „სან სიროზე“ „ინტერის“ წინააღმდეგ გამარჯვება განსაკუთრებით ლამაზია, გარდა ამისა, შესანიშნავად ვითამაშეთ. ასეთი მოგება სასიამოვნო იყო. ბედნიერი ვარ ამის გამო, მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და იდეალური დამოკიდებულება გვქონდა, სწორედ ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი“.

შვილის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ შეეძინა: „ვისურვებ, რომ ჩემი შვილი სპორტის და „იუვენტუსის“ მოყვარული იქნება. ამ თამაშს აუცილებლად ვაჩვენებ, როცა დრო მოვა, თუმცა იმედი მაქვს, კიდევ სხვა ბევრ თამაშზე მოვუყვები. მთელი ჩემი ოჯახი „იუვენტუსის“ გულშემატკივრობს და ისინი დამეხმარებიან, ეს მათთვისაც დამატებითი პასუხისმგებლობაა“.

ისევ „ინტერთან“ მატჩზე: „გუშინდელი მატჩი მიმდინარე სეზონში ჩვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გუნდში თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვგრძნობ. როცა თავდაჯერებული ხარ, ყველა მატჩში უკეთესად თამაშობ. სტაბილურობა არის კარგი სეზონის საიდუმლო“.

ფაჯოლისა და მირეტიზე: „მათ ვესაუბრე. იოლი არ არის მათ ასაკში დიდ გუნდში თამაში, მითუმეტეს, „იუვეს“ მსგავს გუნდში. ისინი სწორ გზაზე არიან, „იუვე“ მათ იცავს. ვუთხარი, რომ სიამოვნება მიიღონ, უდარდელები იყვნენ. მოწიფული არავინ იბადება, გამოცდილებას მიიღებენ, თუმცა, უკვე გიგანტურ ნაბიჯებს დგამენ“.

გოლის გარეშე სეზონზე: „გოლი ძალიან მაკლია, ვცდილობ, გავიტანო. მიმდინარე სეზონში განსხვავებული პოზიცია მაქვს, მაგრამ გოლი ძალიან მაკლია და უნდა ვეცადო გატანას, ეს ჩემი ერთ-ერთი მიზანია“.

ფედერიკო გატის შესახებ: „მან უნდა ისწავლოს თავისი მუხტის მართვა. ის იმდენად ენერგიულია, რომ ზოგჯერ აჭარბებს, ამას გასახდელში ვეუბნებით. დროთა განმავლობაში მიხვდება, რომ მან უნდა გააკონტროლოს ეს ენერგია. თამაშობს თუ არა, ვარჯიშებზე ყოველთვის გიჟივითაა, ასეთი ბიჭები გუნდისთვის კარგია“.

კუმირებზე: „დელ პიერო „იუვეს“ სიმბოლოა, ისევე, როგორც ნედვედი და ბუფონი. ისინი არიან ისტორიული ფეხბურთელები. შემდეგ პირლო, მისი სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე, მაგრამ კიდევ ერთი, ვისაც კარგად ვიცნობ, არის პესოტო. ის შესანიშნავია და ბევრ რამეს მასწავლის. არ უნდა დაგვავიწყდეს კიელინი და ბონუჩი, რომლებიც დღევანდელ „იუვენტუსს“ წარმოადგენენ“.

იტალიის ნაკრების მიღმა დარჩენაზე: „იმედგაცრუებული ვარ. ეროვნული ნაკრები მიყვარს, როგორც სხვა ბიჭებს, ამიტომ, არგამოძახება მტკივნეული იყო. შემიძლია მოედანზე ვაჩვენო, რისი გაკეთება შემიძლია და ნაკრებში დავბრუნდე“.

„მილანის“ მაისურით „იუვესთან“ გოლზე: „როდესაც „მილანში“ ვთამაშობდი, მხოლოდ „მილანზე“ ვფიქრობდი. „იუვესთან“ მატჩი განსაკუთრებული იყო, მაგრამ გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ „იუვეს“ გოლი რომ გავუტანე, წარმოუდგენელი იყო, რადგან 1:0 მოვიგეთ. იმ მომენტში ძალიან ბედნიერი ვიყავი, ერთადერთი ბებიაჩემი არ იყო გახარებული, მაგრამ ვეხუმრებოდი და ვუთხარი, რომ თამაში 1:1 უნდა დასრულებულიყო, რადგან პიანიჩის გოლი წესების დაცვით იყო გატანილი, რომელიც შეცდომით არ ჩათვალეს”.

რატომ 5 ნომერი? „არ არსებობს ახსნა. წინა სეზონში ბევრი ნომერი თავისუფალი არ იყო, 27 კი მომწონდა. როდესაც 5 ნომერი ხელმისაწვდომი გახდა, მინდოდა მისი აღება, რადგან ე.წ. საფეხბურთო ნომრები ჩემთვის მნიშვნელოვანია“.

ყველაზე ხუმარა თანაგუნდელი: „პერინი. მას ყოველთვის აქვს მზად ხუმრობა, ის ცოცხალი ბიჭია, რომელსაც თავიდანვე შევეწყვე. ზოგადად, გასახდელში ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყველაზე კარგადაც პერინი იცვამს. მე კლასიკური სტილი მომწონს და ის კარგად იცვამს. შემდეგ არის მოიზე კინის სტილი, რომელიც ჩემსას არ უხდება, მაგრამ სხვადასხვა ტიპის სტილი გვაქვს“.

„იუვეში“ თამაშის ოცნებაზე: „ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე, ბავშვობიდან. ფიქრით არ ვფიქრობდი, მაგრამ 14 წლის ასაკში ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ ერთ დღეს „იუვეში“ გადავიდოდი. „ბიანკონერის“ მაისურზე ჩემი გვარის დანახვა ძალიან ლამაზი განცდა იყო. ჩემ გარდა, ეს მშვენიერია ჩემი ოჯახისთვის, მამაჩემისთვის. ვისაც ჩემი მაისური აქვს, ვცდილობ ნებისმიერს ხელი მოვუწერო“.

მომავალში ცენტრალურ მცველად თამაშზე: „იმედი მაქვს, რომ არა. მიყვარს შეტევაში ჩართვა. არ მინდა დავკარგო ჩემი მახასიათებლები, მათ შორის ბოლო პასი“.

მიზნებზე: „მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგის და იტალიის თასის მოგება გვაქვს მიზნად დასახული. ოცნება, რომელიც „იუვენტუსის“ ყველა ფეხბურთელს აქვს, არის ჩემპიონთა ლიგის მოგება და შემდეგ სკუდეტოს მოგებაც მინდა“.

„სპორტინგის“ შესახებ: „ძლიერი მეტოქეა, ისინი კარგად თამაშობენ. მომზადებული არიან, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ, ჭკვიანი გუნდია. თუმცა, ჩვენ „იუვე“ ვართ და ეს უნდა დავამტკიცოთ. რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ მათთვის ჩვენც რთული მეტოქე ვართ“.

„იუვეში“ ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი: „ტორინოსთან“ დერბიში გატანილი გოლი ყველაზე ამაღელვებელი იყო. მეორე დღეს ჩემს მეუღლეს ცოლობა ვთხოვე, ეს არის გოლი, რომელიც ყველაზე კარგად მაგონდება“.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ლოკატელი „იუვენტუსში“ 2021 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 77 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …