მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ახლა სეზონის გადამწყვეტი მომენტია”

ალეგრი: “ახლა სეზონის გადამწყვეტი მომენტია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გენუის „სამპდორიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს სეზონის გადამწყვეტი მომენტია და იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდისთვის სასიამოვნო კვირა იქნება.

„ეს არის თამაში, რომელიც სეზონის გადამწყვეტ მომენტში გვაქვს, ჩვენ სეზონის ფინიშისკენ მივდივართ. წინ დატვირთული კვირა გვაქვს, ვიმედოვნებთ, რომ კარგი და სასიამოვნო კვირა იქნება. ხვალ „სამპდორიას“ ვხვდებით, რომელმაც ჯამპაოლოსთან ერთად შინ ორი კარგი თამაში ჩაატარა. ორივე გუნდს ქულები სჭირდება, ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ.

დღეს დილით, როცა განაცხადს ვავსებდი, ვფიქრობდი, რომ როგორც იქნა, ბევრი ფეხბურთელის შეყვანა შემეძლო. დე შილიო და ალექს სანდრო დაბრუნდნენ, კუადრადოც კარგადაა. თუ ყველაფერი კარგად წავა, კიელინი კვირას გუნდთან ერთად იქნება და ვიმედოვნებ, რომ „ვილიარეალთან“ მატჩისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა. ეს იქნება მესამე თუ მეოთხე ადგილი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ვმუშაობთ და ვცდილობთ თითო ნაბიჯი წინ გადავდგათ. ხვალ დანილო ითამაშებს, რომელიც „იუვეში“ მეასე მატჩს ჩაატარებს. დე შილიო ხელმისაწვდომია, ალექს სანდრო უკეთაა, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია რომელი ითამაშებს.

პაულო უკეთესადაა, ვნახოთ, შეძლებს თუ არა ჩემპიონთა ლიგისთვის დაბრუნებას, ისევე, როგორც ბონუჩი, წესით, ასე უნდა იყოს. პაულოს კონტრაქტი? ის 29 წლის კაცია, პროფესიონალი, რომელსაც არავის რჩევა არ სჭირდება რა უნდა გააკეთოს კონტრაქტთან დაკავშირებით. ყველაფერი მარტივადაა: გადიხარ მოედანზე, თამაშობ და აკეთებ იმას, რაც უნდა გააკეთო. იმის თქმა, რომ მას ვინმეს დახმარება სჭირდება ამ სიტუაციაში, მისთვის შეურაცხყოფაა. ახლა მან გამოჯანმრთელებაზე უნდა იფიქროს, მე მჭირდება პაულო, გუნდს სჭირდება, ის ხარისხს გვაძლევს. ვიმედოვნებთ, რომ ოთხშაბათს დაგვიბრუნდება.

ვლაჰოვიჩის ადაპტაციის პერიოდით კმაყოფილი ვარ. იოლი არ იყო „იუვენტუსში“ მოსვლა და ყოველ სამ დღეში თამაში. აქ ყოველ პასს, ბურთს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყოველთვის მოსაგებად უნდა ითამაშო. დუშანი კარგად მუშაობს, მაგრამ მას შეუძლია უფრო გაიზარდოს და მოუმატოს, როგორც ყველას. გუშინ ველაპარაკე და ვუთხარი, რომ უფრო სუფთად უნდა ითამაშოს, ნაკლები ენერგია დახარჯოს. როგორც „რეალი“ – პსჟ-ს მატჩში ვნახეთ, ფეხბურთს ძალიან ვიწრო ხაზით თამაშობენ და კარგად უნდა მართო ყოველი მომენტი და ყოველი მოულოდნელი მოვლენა. დუშანი გულითადი ბიჭია, გუნდისთვის თავდადებით იბრძვის. ხვალ დაისვენებს? ვნახოთ, ჯერ ეს გადასაწყვეტია.

ცოტა უნდა ვილაპარაკოთ და ბევრი გავაკეთოთ. გუნდები, რომლებიც გვისწრებენ, ჩვენზე წინ დარჩებიან, რადგან ბევრი ქულით გვისწრებენ. ჩვენ საკუთარ თავსა და მეოთხე ადგილზე უნდა ვიფიქროთ. სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურთელები კიდევ დაგვიბრუნდებიან და სეზონის ფინალური ნაწილისთვის ჩემს განკარგულებაში იქნებიან“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „სამპდორიასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 12 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …