ტურინის „იუვენტუსის“ მფლობელმა ჯონ ელკანმა ანდრეა ანიელისა და დირექტორთა საბჭოს გადადგომის შემდეგ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა. მან ანიელის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ძალიან კარგი მომავალი უნდა ააშენონ.
„იუვენტუსის“ დირექტორატის გადადგომა პასუხისმგებლობის აქტს წარმოადგენს, რაც ნიშნავს, რომ კლუბის ინტერები მთავარია. ახალი ბორდი შეიქმნება იანვარში, ტექნიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით მაღალი პროფესიონალებისგან დაკომპლექტდება, რომელსაც პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო უხელმძღვანელებს. სხვა დირექტორებთან ერთად ექნება დავალება გადაჭრას და მოაგვაროს ის სამართლებრივი და კორპორატიული საკითხები, რომლებიც დღეს დგას. მჯერა, კომპანია შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ ყოველთვის სწორად მოქმედებდა.
მაურიციო სკანავინო, რომელმაც აჩვენა სოლიდური მენეჯერული უნარები ყველგან, სადაც მუშაობდა, გამოიყენებს მიღებულ გამოცდილებას, რათა დააჩქაროს „იუვენტუსის“, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ბრენდის განვითარება.
მასიმილიანო ალეგრი რჩება „იუვენტუსის“ მწვრთნელად და სპორტული თვალსაზრისით ჩვენი საყრდენია. ვიმედოვნებთ, რომ ის და მთელი გუნდი გააგრძელებენ გამარჯვებას, რაც ბოლო ტურებში აჩვენეს, რათა მაღალი მიზნები შევინარჩუნოთ.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ბიძაშვილ ანდრეას, რომ მოგვანიჭა არაჩვეულებრივი ემოციები, რომლებიც არასდროს დაგვავიწყდება. ამ 12 წლის განმავლობაში ბევრი მოვიგეთ, რაშიც უპირველეს ყოვლისა მისი დამსახურებაა, ისევე, როგორც ფეხბურთელების.
ჩვენი ისტორია გამარჯვებაზე მეტყველებს და ეს გვაძლევს იმ ძალას, რაც ამ წუთებში გვჭირდება. ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერითა და სიყვარულით გვაქვს შესაძლებლობა არაჩვეულებრივი მომავალი ავაშენოთ“, – თქვა ელკანმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ ფინანსურ საქმეს ხელფასების გადახდასა (პანდემიის პერიოდში) და კაპიტალის ხელოვნური გაზრდის შესახებ პროკურატურა იძიებს და არაა გამორიცხული კლუბი ქვედა ლიგაში დააქვეითონ. ყოველ შემთხვევაში განიხილება სამი ვერსია: ფინანსური ჯარიმა, მინიმუმ 1 ან მეტი ქულის დაკლება, უარესის შემთხვევაში კი ქვედა ლიგაში დაქვეითება.