ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ფედერიკო კიეზა იტალიის ნაკრების 2021 წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და Pallone Azzurro 2021-ის გამარჯვებული გახდა.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოკითხვა 14 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე მიმდონარეობდა და მასში მონაწილეობა დარეგისტრირებულმა 8 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო.
საბოლოოდ, გამოკითხულთა ხმების თითქმის ნახევარი კიეზამ მიიღო, რომელსაც 46% ერგო და გაიმარჯვა. მეორე ადგილი ნიკოლო ბარელამ დაიკავა (20%), ხოლო მესამე ადგილი ლეონარდო სპინაცოლამ (14%). ნომინატებში იყვნენ ჯანლუიჯი დონარუმა და ლორენცო ინსინიეც, მაგრამ ისინი სამეულში ვერ მოხვდნენ. 2021 წელს კიეზამ იტალიის ნაკრებში 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, მათ შორის 2 ევროპის ჩემპიონატზე, სადაც იტალია ჩემპიონი გახდა და 7 თამაშიდან ორის საუკეთესო ფეხბურთელად (უელსთან და ესპანეთთან) კიეზა დაასახელეს.
იტალიის ქალთა ნაკრების საუკეთესო მოთამაშეც იუვენტინა გახდა – კრისტიანა ჯირელიმ ხმების 44% მიიღო და აჯობა „იუვეს“ კიდევ ერთ წევრ ბარბარა ბონანსეას (26%) და „მილანის“ თავდამსხმელ ვალენტინა ჯაჩინტის (17%).