ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 29-ე ტურში სტუმრად გენუის „სამპდორია“ 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკურ მონაცემებს.
3 – ვოიცეხ შჩესნი პირველი მეკარეა 2017-2018 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც სერია A-ში ზედიზედ სამი პენალტი მოიგერია. მანამდე იგივე ემილიანო ვივიანომ გააკეთა, რომელმაც ხსენებულ სეზონში მიჯრით ოთხი პენალტი მოიგერია.
8 – ალვარო მორატამ ზედიზედ მერვე სეზონში მოახერხა ყველა ტურნირის გათვალისწინებით 10 გოლზე მეტის გატანა. სერია სათავეს 2014-2015 წლების სეზონიდან იღებს, როცა ესპანელმა „იუვეში“ პირველი სეზონი ჩაატარა.
3 – ალვარო მორატას სერია A-ში სამი პენალტი აქვს შესრულებული და სამივე გაიტანა (2015-2016, 2020-2021 და 2021-2022 წლების სეზონში).
15 – „იუვენტუსს“ სერია A-ში ბოლო 15 მატჩი არ წაუგია და მსგავსი კარგი სერია 2019 წლის მარტის შემდეგ პირველად აქვს. მაშინაც ალეგრის ხელმძღვანელობით.
2 – „სამპდორიას“ მიმდინარე სეზონში ორი პენალტი აქვს გაშვებული და ორივე „იუვესგან“. პირველ წრეში ბონუჩიმ გაუტანა, მეორე წრეში – მორატამ.
100 – დანილომ „იუვენტუსის“ რიგებში მეასე მატჩი ჩაატარა.
100 – მატაის დე ლიხტმა ყველა ტურნირზე „იუვენტუსში“ მეასე თამაში ჩაატარა ძირითადი შემადგენლობიდან.