იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან იტალიის ნაკრების ტრიუმფზე და „იუვენტუსის“ ფეხბურთელებზე ისაუბრა.
კანავარო განსაკუთრებით გახარებულია იმის გამო, რომ ჯორჯო კიელინიმ თასი აღმართა, რადგან მისი თქმით, ამას ის ყველაზე მეტად იმსახურებდა.
„იტალიის ნაკრებს ძალიან ვგულშემატკივრობდი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თასი ჯორჯო კიელინიმ აღმართა, რადგან 2006 წელს ბერლინში ის ტრიბუნებზე იყო და ჩვენ სტადიონიდან გვგულშემატკივრობდა. გარდა ამისა, მე მისი თანაგუნდელი ვიყავი და მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მან სუპერევროპის ჩემპიონატი ჩაატარა. ამ იტალიის ნაკრების მთავარი ჩემპიონი ჯიჯო დონარუმა იყო, გაოცებული ვარ იმით, რომ ევრო 2020-მდე ისეთები არსებობდნენ, ვინც მას მხოლოდ კარგ მეკარედ მიიჩნევდნენ. ჯიჯოში ჩვეულებრივი არაფერია, ის ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. რა თქმა უნდა, დიდი იტალიური გუნდებისთვის დასანანია, რომ ის გუნდში არ ჰყავთ, რადგან მომდევნო 10-15 წელი საუკეთესო მეკარეებს შორის იქნება, თუმცა მისით ეროვნულ ნაკრებში დავტკბებით. ოქროს ბურთს მესის მივცემდი. ლეო აბსოლუტურად ნომერი პირველია და სტრატოსფერული კოპა ამერიკა ჰქონდა, სადაც მთავარი გმირი იყო.
კიეზა ენრიკოს ჰგავს, მოძრაობებით და დარტყმის სტილით ძალაინ ჰგავს, მაგრამ ფედერიკო კიდევ უფრო მოუტამებს. მას არ ეშინია დარტყმის, თამაშის რთულ მომენტებში საკუთარ თავზე აღების, რაც ჩემი აზრით, მამამისის ერთ-ერთი ნაკლი იყო.
კიელინის ახალი კონტრაქტი? მას შემდეგ, რაც ვნახე, რომ „რეალმა“ სერხიო რამოსი უფასოდ გაუშვა, არაფერი მიკვირს. ფეხბურთში არასდროს მჯეროდა და არ ვენდობოდი კლუბის ხელმძღვანელობას. კლუბი წითელ ხალიჩას გიშლის, სანამ სჭირდები, მერე კი წარსულს ივიწყებენ და გემშვიდობებიან.
დე ლიხტი? ვურჩევდი, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს და მუშაობა გააგრძელოს. ის დიდი პროფესიონალია, თუმცა ბოლო პერიოდში ცოტა არ გაუმართლა. ის ახალგაზრდაა, მერწმუნეთ დე ლიხტი ძალიან კარგ ადგილასაა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება, ასაკთან ერთად თავდაჯერებასაც შეიძენს.
დიბალას გარდამტეხი წელი? ვისურვებდი, რომ ასე იყოს, რადგან მას საოცარი თვისებები აქვს. გასულ სეზონში ტრავმების გამო დაზარალდა. პირლო? მეგონა, რომ მას კიდევ ერთ შანსს მისცემდნენ, რადგან იმსახურებდა. სამწვრთნელო კარიერის პირველ წელს, ორ ტიტულს რომ მოიგებ და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებ, იმსახურებ, რომ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მოგცენ. ალეგრი? ის გამარჯვებული მწვრთნელი, წარმატების გარანტი“, – თქვა კანავარომ.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო კანავარო “იუვენტუსში” 2004-2006 და 2009-2010 წლებში თამაშობდა, ხოლო იტალიის ნაკრებში 136-ჯერ ითამაშა და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.