ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა სალვატორე სკილაჩიმ Tuttosport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მთლიანად „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გუნდი ძლიერია და ევროპა ლიგის მოგება მისი მიზანი უნდა იყოს.
„ადვოკატი არ ვარ, არც მოსამართლე, ფეხბურთელი ვიყავი და „იუვენტუსმა“ მოედანზე 50 ქულა მოიპოვა. ჩემთვის „იუვე“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. გუნდი ვფიქრობ, რომ ძლიერია. შესაძლოა ტრავმებმა, ხელმძღვანელობაში პრობლემებმა და სასჯელმა გუნდზე იმოქმედა, მაგრამ ამ გუნდს აქვს თვისებები, რომ ნორმალურ ვითარებაში სკუდეტოსთვის იბრძოლოს.
– შესაძლოა, დღეს „იუვენტუსს“ ვლაჰოვიჩის გოლები აკლია…
– ის იმისთვის იყიდეს, რომ შეტევაში განსხვავება მოეხდინა. სამწუხაროდ, მან ჯერ კიდევ ვერ შეძლო ამის დამტკიცება. დღეს გოლებსაც ვერ იტანს, მაგრამ მხოლოდ მისი დადანაშაულება არასწორია, შესაძლოა, მას გუნდი ვერ ეხმარება.
– საბედნიეროდ, რამდენიმე თამაში კიდევ დარჩა…
– თუ ვლაჰოვიჩი გოლების გატანას დაიწყებს, „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა -15 ქულითაც შეუძლია.
– თქვენ ფსონს ისევ ვლაჰოვიჩზე დადებდით თუ შეცვლიდით მას რეალური შეთავაზების შემთხვევაში?
– შევინარჩუნებდი მას. ისევ მასზე დავდებდი ფსონს. იმიტომ, რომ ახალგაზრდაა, ვფიქრობ საკუთარი თავის გასახსნელად გოლების გატანა სჭირდება. თავდამსხმელისთვის გოლის გატანა ყველაფერია, ეს ცხოვრებაა. გოლი გაძლევს მორალს, თავდაჯერებულობას. უბრალოდ მასთან ახლოს უნდა ვიყოთ, არ უნდა იგრძნოს ზეწოლა. ეს მეც დამემართა და ყველამ იცით, როგორ ჩაიარა…
– წინ „ფრაიბურგთან“ მატჩებია…
– „იუვეს“ მიზანი ევროპა ლიგის მოგება უნდა იყოს, რადგან ტურნირზე ყველაზე ძლიერი გუნდი „არსენალია“ და რადგან ამ ტურნირის მოგებით ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა შესაძლებელი. და, ეს ის ტურნირია, სადაც „იუვენტუსი“ უნდა იყოს.
– თქვენ ისეთი თანაგუნდელები გყავდათ, როგორებიც როიტერი და კოლერი იყო…
– კოლერი თავს ვარჯიშებზეც არ ზოგავდა, სახეში არავის უყურებდა. როიტერი ბევრს დარბოდა, ორივე ძლიერი მოთამაშე იყო. „ფრაიბურგთან“ ადვილი არ იქნება, მაგრამ „იუვენტუსს“ უფრო მაღალი ხარისხი აქვს.
– იქნება თუ არა წარუმატებელი სეზონი ალეგრისთვის „ფრაიბურგთან“ გამარჯვების გარეშე?
– „იუვეში“ თამაში ყოველთვის რთულია. ეს დიდი კლუბია, რომლისგანაც ყოველთვის გამარჯვებას ელოდებიან. ალეგრი გამარჯვებული მენტალიტეტის მწვრთნელია. დღეს სატურნირო ცხრილში მეორეა, რომ არა დაკლებული ქულები, იტალიის თასის მოსაგებადაც იბრძვის. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ჩავარდა და იქ უფრო მეტს ველოდი.
– კონტეს დააბრუნებდით?
– „იუვენტუსში“ მინდა რობერტო დე ძერბი ვნახო. ახალგაზრდა მწვრთნელი უამრავი იდეეით და რომელიც ძალიან კარგად მუშაობს პრემიერლიგაშიც, რომელიც ძალიან კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია. ანტონიო კონტეზე შედეგები თავისთავად მეტყველებს, მაგრამ თუ „იუვენტუსს“ ყველაფრის თავიდან დაწყება უნდა, სწორი იქნება ახალი მწვრთნელი. დე ძერბი ან დიეგო სიმეონეც კი.