„ჩემი ოცნებაა გუნდში მყავდეს საერთაშორისო დონეზე აღიარებული იტალიელი ფეხბურთელი, როგორებიც, მაგალითად, ტოტი, დელ პიერო, ბუფონი იყვნენ“, – ეს სიტყვები ორი დღის წინანდელ ინტერვიუში „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ თქვა.
მისი მესიჯი ნათელია – სურს ისეთი იტალიელი ფეხბურთელის ყოლა, რომელიც გუნდის დროშა იქნება. იტალიურ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც სწორედ არივაბენეს ამ სიტყვებს ეძღვნება და დასახელდა 4 იტალიელი ფეხბურთელის ვარიანტი, რომლებსაც შეუძლიათ ან შეძლებენ არივაბენეს სიტყვების გამართლებას.
აწმყო: ფედერიკო კიეზა
24 წლის, ევროპის ჩემპიონი იტალიის ნაკრებში. შესაძლოა, მისთვის გადაცემული 7-ნომრიანი მაისური ბევრ რამეზე მიანიშნებს და ის „იუვეს“ მომავალთან ასოცირდება.
ამჟამინდელი მიზანი: ნიკოლო ძანიოლო
ის დღეს 23 წლის გახდა და სატრანსფერო ბაზარზე „იუვეს“ კონკრეტული სამიზნეა. შესაძლოა ძანიოლო იყოს „იუვენტუსის“ მომავალი, როგორც ტექნიკური, ისე კომერციული თვალსაზრისით.
მომავლის მიზანი: ჯანლუიჯი დონარუმა
იტალიელი მეკარის სახელს „იუვეს“ გასულ ზაფხულს აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა ის პსჟ-ში გადავიდა. ძნელად წარმოსადგენია, რომ 23 წლის მეკარემ, რომელიც იტალიის ნაკრებში ასევე ევროპის ჩემპიონი გახდა და ალბათ ნაკრების კარს კიდევ მინიმუმ 10 წელი დაიცავს, პსჟ-ში ბევრი წელი გაატაროს კომბიდან ბუფონამდე ძოფის გავლით, „იუვე“ ყოველთვის უკავშირებდა ბედს იტალიის ნაკრების მთავარ მეკარეებს. ჯიჯოსთანაც ასე იქნება?
ფსონი: ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც „იუვეში“ იზრდება
შესაძლოა ასეთი გახდეს ტურინული კლუბის აღზრდილი იტალიელი, რომელიც დააკმაყოფილებს არივაბენეს მოთხოვნებს და იქნება საერთაშორისო დონეზე აღიარებული იტალიელი ფეხბურთელი: მირეტი, ფაჯოლი, რანოკია – რომელიმეს შეუძლია ამის გაკეთება? ჯერ ნაადრევია ამის თქმა, მაგრამ პირველი ვინც ახალგაზრდების უნდა დაიჯეროს და ნდობა გამოუცხადოს, სწორედ „იუვენტუსია“.