კრიშტიანუ რონალდუს მომავალი უახლოეს პერიოდში უნა გადაწყდეს, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული „იუვენტუსის“ სატრანსფერო გეგმები.
ტურინელები იმის მიხედვით იმოქმედებენ, რას გადაწყვეტს პორტუგალიელი – წავა თუ დარჩება. Tuttosport-ის ცნობით, უახლოეს დღეებში „იუვეს“ ხელმძღვანელობა და რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში ერთმანეთს შეხვდებიან და მომავალზე ისაუბრებენ.
კრიშტიანუ არ არის დარწმუნებული, რომ „ბებერ ქალბატონში“ კონტრაქტის ბოლო წელსაც გაატარებს. სერიოზულად მიმდინარეობს საუბარი „პარი სენ ჟერმენზე“, რომელსაც ლუზიტანელს უკავშირებენ და ამ ეტაპზე ერთადერთი რეალური ვარიანტია.
სხვა კლუბების შემთხვევაში ყველაფერი რთულადაა, მაგალითად, მცირეა იმის შანსიც, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდეს. სავარაუდოდ, ყველაფერი უახლოეს ერთ თვეში უნდა გაირკვეს.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და სეზონში 30 მილიონ ევროს იღებს. სწორედ ამ ხელფასის გამო „იუვე“ ვერ ახერხებს სატრანსფერო გეგმის დასახვას.