იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ინგლისთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მანჩინიმ მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა და თქვა, რომ მისმა გუნდმა მხოლოდ და მხოლოდ თამაშზე უნდა იფიქროს.
მანჩინი ფიქრობს, რომ ინგლისი ძლიერია, მაგრამ იტალიაც, რადგან სხვა შემთხვევაში ფინალში გასვლას ვერ მოახერხებდა.
„აჟიტირებული არ ვარ, იქნებ ხვალ ვიყო. ეს ფინალია და განსხვავებული მატჩია, ვიდრე თურქეთთან გახსნითი თამაში, რომელიც რთული იყო. შოტლანდიურმა გაზეთმა პირველ გვერდზე გამომსახა? გაზეთის გვერდი ლამაზია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ მხოლოდ თამაშზე უნდა ვიფიქროთ იმის რწმენით, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. ჩვენი ერთადერთი ფიქრი თამაშს უნდა უკავშირდებოდეს.
ინგლისი ძლიერია, მაგრამ ასევე ჩვენც. სტერლინგმა ძალიან მოუმატა, უსწრაფესია. დიდი ყურადღება იქნება საჭირო, დაცვით ფაზაში კარგად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ არა მხოლოდ სტერლინგის, არამედ მარჯვენა ფლანგზე ვინც ითამაშებს და ჰარი კეინის წინააღმდეგ, მათ ბრწყინვალე თავდამსხმელები ჰყავთ. 1982 წელს იტალია მსოფლიოს ჩემპიონი 11 ივლისს გახდა? იმედი მაქვს, რომ ეს თარიღი ჩვენთვის, იტალიელებისთვის მნიშვნელოვანი მეორედ გახდება. ფეხბურთის ვნება არსებობს, როგორც იტალიაში, ისე ინგლისში. მათ ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავდათ და ამ 55 წლის განმავლობაში, რომელიც ტიტულის გარეშე განვლეს, ცოტა იღბალი აკლდებოდათ. ინგლისელი ფანები? იმედი მაქვს, რომ თამაშის შემდეგ იტალიელი გულშემატკივრების ხმას გავიგებთ. თამაშის განმავლობაში კი მხოლოდ კარგად თამაშზე ვიფიქრებთ.
საბედნიეროდ ამ პერიოდში კარგი და პოზიტიური დღეები გამოვიარეთ. ბედნიერი ვარ ჩემი ფეხბურთელების მუშაობით, ისინი 110%-ზე მეტით იხარჯებოდნენ, სხვაგვარად ფინალში ვერ გავიდოდით. ძალიან რთული თამაში იქნება. ეს იყო სირთულეებით და დაღლილობით სავსე მოგზაურობა, იმედი მაქვს ჩემი გუნდი შეძლებს 90 წუთის განმავლობაში სიამოვნების მიღებას და შემდეგ დამსახურებულ შვებულებაში კარგ განწყობაზე გავალთ.
ესპანეთის ნაკრებმა ჩვენზე უკეთ ითამაშა ნახევარფინალში, რადგან მათ ბურთი შეინარჩუნეს და შეგვზღუდეს, მაგრამ ჩვენს იდენტობას არ შევიცვლით, მათ შორის ინგლისთანაც. ეს ფინალი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. მე მქონდა შანსი მეთამაშა ნაკრებში, მაგრამ ვერაფერი მოვიგე, ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტია, ჩვენ მთელ ქვეყანას წარმოვადგენთ. იმედი მაქვს, ხვალ იმას მივიღებ, რაც არ მიმიღია, როგორც ფეხბურთელს“, – თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის ფინალში ინგლისის ნაკრებს 11 ივლისს, ლონდონში დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.