ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა „იუვეს“ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ 10-ქულიანი ჩამორჩენა ბევრია.
„სარისგანაც ბევრი ვისწავლე, მაგრამ ალეგრისთან უფრო მეტად მოვუმატე. წელს მაგალითად, ძალიან ბევრ ვიდეო ანალიზს ვაკეთებ მის ასისტენტ პაოლო ბიანკოსთან ერთად. ეს არის სამუშაო, რომელიც ნაკრებისთვისაც მჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ იქ განსხვავებულ სტილში ვთამაშობთ.
შემადგენლობიდან გამომდინარე, არასდროს გამჩენია ეჭვი, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა არ შეგვეძლო. სეზონის დასაწყისი ადვილი არ იყო, ბევრი ტრავმირებული გვყავდა. არასდროს გვითამაშია სრული შემადგენლობით, მაგრამ მიზანი იყო მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ოთხეულში შეღწევა, იანვარში კი „ნაპოლისთან“ თამაში გვაქვს, რომელმაც სეზონი წარმოუდგენლად დაიწყო. თუმცა, ისინიც დაკარგავენ ქულებს და შემდეგ ჩვენზე იქნება დამოკიდებული, რომ ამით ვისარგებლოთ. 10 ქულა ბევრია, მაგრამ სეზონი გრძელია. კიეზას და პოგბას დაბრუნება დაგვეხმარება, ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების, ფაჯოლის, მირეტის, სულესა და ილინგ-ჟუნიორის წვლილიც. ერთად შეგვიძლია სკუდეტოსთვის ბრძოლა. სამწუხაროა, რომ ახლა სეზონი გაჩერდა, რადგან გუნდში მენტალიტეტი შეიცვალა, სწორი კლიმატი, ენერგია და ენთუზიაზმი შეიქმნა.
ალეგრის რჩევებს გულდასმით ვუსმენ და ვითვალისწინებ, რადგან ის შესანიშნავი მწვრთნელია და მიზნებზეა ფოკუსირებული, რაც „იუვეში“ ყოველთვის მნიშვნელოვანია. ალეგრი ახალგაზრდა ფეხბურთელებთან პედაგოგიური მეთოდით მუშაობს და მაშინაც ენდობა, როცა ისინი შეცდომას უშვებენ. შედეგებიდანაც ჩანს: ყველამ მოუმატა ბოლო თვეებში სირთულეების მიუხედავად. მიმართულება სწორია.
მართალია, პრემიერლიგაში ტრანსფერთან ახლოს ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ, ბედნიერი ვარ, რომ დავრჩი, ალბათ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ახალი კონტრაქტი? მომავალზე არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული, მე და კლუბი არ ვჩქარობთ, მშვიდად ვართ, დრო გვექნება, რომ ყველა შესაძლებლობა ავწონოთ“, – თქვა რაბიომ.
შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიომ მიმდინარე სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და 5 გოლი გაიტანა, გარდა ამისა, ორი საგოლე პასი გააკეთა. მას „იუვესთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.