ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ვილიარეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ესპანელმა ფორვარდმა აღნიშნა, ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ტურნირია, რომელიც ბოლომდე დახარჯვას მოითხოვს.
„კარგად ვართ, ბოლო თვეში ცვლილებები მოხდა, უფრო პოზიტიურები ვართ. „ტორინოსთან“ მატჩში ჩვენთვის სეზონში ყველაზე რთული იყო, მაგრამ ვიზრდებით, ახლა ყველაფერი უნდა გავიღოთ ჩემპიონთა ლიგაზე.
ვლაჰოვიჩმა და ზაკარიამ გუნდში ენთუზიაზმი მოიტანეს, დუშანი შესანიშნავი ფეხბურთელია, მან მხოლოდ დადებითი ეფექტი შეგვძინა, ახალგაზრდაა და წინ მთელი კარიერა ელის. მოედნის მიღმაც ძალიან კარგია, ადაპტაცია მალევე გაიარა და ვიმედოვნებთ, რომ ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე პირველ გოლებს გაიტანს.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალეგრი ჩემთვის აქ დარჩენის გადაწყვეტილება რომ მიმეღო. მისგან ნდობას ყოველთვის ვგრძნობ. მას მერე, რაც ერთად ვმუშაობთ, ბევრ რამეს მთხოვს, მაგრამ ჩემი შესაძლებლობის საზღვრებიც იცის. მითხრა, რომ უნდა დავრჩენილიყავი და ახლა მინდა ამ ნდობისთვის სამაგიერო ბრძოლით გადავუხადო.
ჯერ კიდევ ბევრი მიზანი გვაქვს შესასრულებელი, ყოველდღიურად ვმუშაობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ტურნირია, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და თუ სხვებს ჩვენი ბარიერის დაძლევა უნდათ, აუცილებლად იდეალურად უნდა ითამაშონ ჩვენს წინააღმდეგ. შეუძლებელია ვიცოდეთ, სადამდე შეგვიძლია მისვლა, ცოტა იღბალიც საჭიროა. ბოლო 10 წლის განმავლობაში გუნდებმა, რომლებმაც ეს ტურნირი მოიგეს, გავარდნის პირას იყვნენ, ბევრი გუნდი კი დიდებას მიუახლოვდა. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფრის გაღებაა საჭირო თუ შორს წასვლა გვინდა.
„ბარსელონასთან“ ახლოს ვიყავი? ეს არ არის მნიშვნელოვანი, მწვრთნელს ველაპარაკე ამის შესახებ როდესაც სატრანსფერო ბაზარი იყო და ვილაპარაკეთ ჩვენს მოსაზრებებზე. მან მითხრა, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის ვლაჰოვიჩის მოსვლა და ასეცაა. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ყოველთვის აქ დავრჩებოდი.
„ვილიარეალი“? მკაფიო იდეები აქვთ, ბურთით კარგად თამაშობენ, ამიტომ სრულყოფილი მატჩი უნდა ჩავატაროთ და ბევრი არაფერი არ უნდა დავუთმოთ“, – თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 22 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.