მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ორივე გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს”

ალეგრი: “ორივე გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვილიარეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს და რთულ თამაშს ელოდება.

„ამ მერვედფინალს ფავორიტი არ ჰყავს, შანსი 50-50-ზეა. მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია, ისევე, როგორც ჩვენ. გამოცდილი გუნდია და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც მეტოქეს არანაირ უპირატესობას არ აძლევს. მოგვიწევს დეტალებზე ყურადღების გამახვილება და ეპიზოდების ჩვენს მხარეზე გადმოტანა. სუფთად უნდა ვითამაშოთ და მოთმინება გამოვიჩინოთ, რადგან მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა, მაგრამ მეოთხედფინალში ხვალ ვერ გავალთ.

„ტორინოსთან“ მძიმე მატჩი იყო, კარგად ვითამაშეთ. 20 დღეში მოვახერხეთ ის, რომ მეოთხე ადგილზე გადავედით და სკუდეტოს მოგების მცირე შანსიც გაგვიჩნდა. მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დავიმატეთ, მაგრამ ვლაჰოვიჩს ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ექნება, ამიტომ, არ შეიძლება ყველა პასუხისმგებლობა მას დავაკისროთ. მე ის უნდა დავიცვა და ეს ნორმალურია. როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე 60-70 თამაში ექნება ჩატარებული, სხვა მოთამაშე იქნება, ეს ზეწოლის საკითხია. გუშინწინ გაზეთის პირველ გვერდზე აღმოჩნდა, სადაც ეწერა, რომ გოლი პირველად ვერ გაიტანა. ვთანხმდებით, რომ მომდევნო წელს „იუვეს“ სკუდეტოს მოგების უფრო მეტი ექნება, მაგრამ არ შეიძლება ყველაფრის მაშინვე მოთხოვნა. ისიც ცხადია, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებაც გვინდა, ეს არის ამბიცია. იტალიის თასსა და სერია A-საც იგივე ეხება, დაბალანსებული უნდა ვიყოთ.

ბონუჩიმ დღეს პირველად ივარჯიშა და საჭიროების შემთხვევაში მისი სკამზე ყოფნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. შაბათს ნამდვილად ითამაშებს. პელეგრინი კარგადაა. რაბიომ მცირე დარტყმა მიიღო კოჭში, მაგრამ ის ხელმისაწვდომია. დიბალა არ იქნება, ის კარგ ფორმაში შედიოდა და მნიშვნელოვანი დანაკლისია. ვლაჰოვიჩი და მორატა ითამაშებენ, სხვები კი ვნახოთ. ბერნარდესკი კარგად არ არის, ხვალ შეიძლება სირბილი დაიწყოს. არტურით კმაყოფილი ვარ. ნახევარდაცვაში არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული, არჩევანი უნდა გავაკეთო ლოკატელის, მაკკენის, რაბიოსა და ზაკარიას შორის. მაკკენი შეტევაში? ის ყოველთვის შემტევი ნახევარმცველია, საჯარიმოში კარგად ერთვება, გოლების გატანაც შეუძლია, შესაბამისად, ჩვენი სხვა ნახევარმცველებისგან განსხვავდება.

სტუმრად გატანილ გოლს უპირატესობა აღარ აქვს? არ ვიცი, როგორ შეიცვლება მიდგომა. ამ წესის გარეშე რაღაცები იცვლება, მაგრამ აქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მთავარია, ხვალ კარგად ვითამაშოთ და სასურველი შედეგი მივიღოთ.

მშვიდად ვარ, რადგან გუნდი მენტალურად გაიზარდა. ადრე მოულოდნელ რაღაცებთან გამკლავებას ვერ ვახერხებდით, ახლა კი. ხვალ კარგი მატჩია, მინდა ვნახო გუნდი, რომელიც ბურთით კარგად ითამაშებს და თავს მის გარეშეც კარგად დაიცავს. რთული თამაში გველოდება გუნდთან, რომელმაც ევროპა ლიგა მოიგო. გუნდურად უნდა ვითამაშოთ, როცა ამას ვაკეთებთ, ჩვენი დამარცხება ძნელია.

ფრე კარგი შედეგი თუ იქნება? დადებითი შედეგი კარგია, ფრე იქნება თუ მოგება. სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმებით, რაღაცები იცვლება, ადრე შეიძლებოდა ერთი ბურთი წაგეგო და ერთით მოგეგო და შემდეგ ეტაპზე გასულიყავი, ახლა ასე აღარ არის“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 22 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …