ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. როგორც ესპანელმა ფორვარდმა აღნიშნა, ტურინში ბედნიერია და სურს, რომ მომდევნო სეზონშიც „იუვეში“ ითამაშოს.
„გუნდის მხრიდან მნიშვნელოვანი ზრდაა. შეფასებები სეზონის ბოლოს უნდა გაკეთდეს, როდესაც ბარგს ჩავალაგებთ და სახლში წავალთ. იყო პრობლემები, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ გუნდურად განვითარდით. ჩვენ ვუბრუნდებით „იუვეს“ დნმ-ს. სინანულს აზრი არ აქვს, მომავალს პოზიტიურად უნდა შევხედოთ, მთავარია რას ვაკეთებთ და რას ვიზამთ მომავალში, წუწუნს აზრი არ აქვს. მინდა, იტალიის თასის ფინალში ვითამაშო, რადგან როცა დრო გადის, თასით გადაღებული ფოტოები ყველაფერზე მეტია. ჩვენ მისი მოგების შანსი გვაქვს.
„იუვენტუსის“ ყველა მოთამაშე თავისი მომავლისთვის თამაშობს ყველა მატჩსა და ვარჯიშზე. ძალიან გრძელი რიგია ფეხბურთელების, რომელთაც „იუვეში“ მოსვლა სურთ და ეს ნორმალურია. ამ მაისურით თამაშის დროს წნეხში ყოფნა ბუნებრივია. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაფერს ვიღებ გამარჯვებისთვის, გუნდისთვის, ჩემი თანაგუნდელებისა და გულშემატკივრებისთვის. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, ყოველდღე კონტინასაზე ვიმყოფები. ჩემი შვილები მთხოვენ „იუვენტუსის“ ჰიმნი ჩავურთო, მაგრამ მე უფრო ბედნიერი ვიქნები, თუ სეზონის ბოლოს თასს მოვიგებთ.
ტევესთან შეხვედრა? კარლოსს მადლობა გადავუხადე, რადგან მანამდე ეს არასდროს გამიკეთებია. მან უკეთესი ფეხბურთელი გამხადა, 21 წლის ასაკში მოვხვდი მასთან ერთად, მცირე გამოცდილება მქონდა და ჩემთვის ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, მას ჰქონდა ტექნიკა და ხარისხი, ჩემთვის ასეთი მოთამაშე ისტორიაში ცოტაა. მას შეეძლო მარტო მოეგო თამაში და გუნდი საკუთარი მხრებით ეტარებინა. მადლობა გადავუხადე და მითხრა, რომ გაუხარდა ჩემი დანახვა და არ ელოდა, რომ მარცხენა ფლანგზე თამაში შემეძლო. მერე ბევრ რამეს ვისაუბრეთ. მან იცის, რომ იმ სეზონში, როცა ერთად ვითამაშეთ, ძალიან მოვუმატე.
2015 წელს ჩემპიონთა ლიგის წაგებულ ფინალზე სინანული ყოველთვის მექნება. VAR-ი რომ ყოფილიყო, შესაძლოა პენალტი დანიშნულიყო და ახლა „იუვესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მექნებოდა მოგებული. ეს წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ რაც არის, ისაა.
„იუვეს“ სათამაშო სტილიდან გამომდინარე ან ცენტრფორვარდად უნდა ითამაშა, ან გუნდს უნდა მოერგო და სხვა პოზიციაზე ითამაშა. ნებისმიერი თავდამსხმელი, რომელიც სეზონში 40-50 გოლს იტანს, მაგრამ ტიტულს ვერ იგებს, ამ გოლებზე ტიტულებზე გაცვლის, უმჯობესია 15 გოლი გაიტანო და ტიტულები მოიგო. მეც მინდა 60 გოლის გატანა, მაგრამ უფრო მეტად გამარჯვება და ჩემი თანაგუნდელების დახმარება მინდა. თავდამსხმელისთვის გოლის გატანა სასიამოვნოა, თუმცა, საგოლე პასების გაკეთებას სასიამოვნოა“, – თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატას საიჯარო ხელშეკრულება 30 ივნისს იწურება და ჯერჯერობით უცნობია, გამოისყიდის თუ არა, მას „იუვენტუსი“.