მთავარი / სიახლეები / მხოლოდ ქულა “ბოლონიასთან”

მხოლოდ ქულა “ბოლონიასთან”

„იუვენტუსი“ სეზონის ფინიშზე ცეცხლს ეთამაშება და მეეოთხე ადგილი დიდი კითხვის ნიშნს ქვეშ მოაქცია.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „ბოლონიასთან“ საშინლად ითამაშა და მარცხს მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე გადაურჩა. „იუვემ“ მართლაც ძალიან ცუდი ფეხბურთი ითამაშა და რეალურად რომ დამარცხებულიყო, პრეტენზია ვერავის ექნებოდა.

პირველი ტაიმი ისე დასრულდა, რომ „იუვენტუსმა“ არათუ საგოლე მომენტი ვერ შექმნა, არამედ კარშიც ვერ დაარტყა. 52-ე წუთზე კი ჯორჯო კიელინის უყურადღებო თამაშით მარკო არნაუტოვიჩმა ანგარიში გახსნა. ტურინელები გოლმაც ვერ გამოაფხიზლა და დანილოს დარტყმას თუ არ ჩავთვლით, რომელიც ძელს მოხვდა, „ბოლონია“ თავს ადვილად იცავდა.

83-ე წუთზე კი ყველაფერი შეიცვალა. საჯარიმოში ალვარო მორატა წააქციეს. მსაჯმა მომენტი ვიდეორეფერისთან გადაამოწმა და ჩათვალა, რომ წესი დაირღვა, მაგრამ საჯარიმოს გარეთ, რის გამოც ჯარიმა დანიშნა, მაგრამ ბოლონიელთა მცველი სუმარო გააძევა. ამის გამო გარი მედელმა პროტესტი გამოხატა, რისთვისაც ორი ყვითელი ბარათით დაისაჯა და სტუმრები 9 ფეხბურთელით დარჩნენ.

ასეთ უპირატესობაშიც კი „იუვენტუსმა“ ბევრი ვერაფერი შექმნა, მხოლოდ ერთი შანსი მიიღო, რომელიც დუშან ვლაჰოვიჩის გოლით დასრულდა, მაგრამ მხოლოდ ქულა, რაც ბევრს არაფერს ცვლის – გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა.

„იუვენტუსს“ 63 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, ნათელია, რომ წინ ვერ წაიწევს, ახლა მხოლოდ კონკურენტებისგან უნდა გრძნობდეს საფრთხეს. „რომას“ შანსი აქვს ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამციროს, „ფიორენტინას“ 4 ქულამდე (ფლორენციელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული). შორს არც „ლაციოა“, რომელსაც 5 ქულამდე მიახლოვების შანსი აქვს, „ატალანტას“ კი 6 ქულამდე.

ეს სახიფათოა, რადგან „იუვენტუსი“ ძალიან ცუდ ფორმაშია და ნათელია, რომ წინასწარ 3 ქულას ვერავისთან დაგეგმავს. თან ალეგრის გუნდს დარჩენილ 5 ტურში საკმაოდ რთული კალენდარი აქვს.

„იუვენტუსი“ – „ბოლონია“ 1:1 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-2-3-1): შჩესნი; დე შილიო (კინი 86), დე ლიხტი (ბონუჩი 59), კიელინი (ალექს სანდრო 75), პელეგრინი (ზაკარია 60); დანილო, რაბიო; კუადრადო, დიბალა (ბერნარდესკი 59), მორატა; ვლაჰოვიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ბოლონია“ (3-5-2): სკორუპსკი; სუმარო, ჰიკი, მედელი, ტეატე; ჰიკი, სორიანო (კასიუსი 74, დომინგესი 87), შუტენი, სვანბერგი (ებიშერი 74), დიკსი; ორსოლინი (ბონიფაცი 87), არნაუტოვიჩი (ბაროუ 65)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (52), 1:1 ვლაჰოვიჩი (90)

გაფრთხილება: კუადრადო (31) – ტეატე (13), სვანბერგი (19), არნაუტოვიჩი (41), მედელი (84, 84)

გაძევება: სუმარო (84), მედელი (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (4) – 9 (2) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ლუკა საკი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …