ფედერიკო კერუბინიმ და ჯოვანი კარნევალიმ მანუელ ლოკატელის „იუვენტუსში“ ტრანსფერზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს, მაგრამ შედეგი ვერც მესამე კონტაქტმა გამოიღო და ლოკატელის ტრანსფერი ისევ ჩაშლის პირასაა.
„სასუოლოს“ იტალიელ ფეხბურთელში „არსენალი“ და „ლივერპული“ 40 მილიონ ევროს სთავაზობენ და ურჩევნია ინგლისში გაყიდოს. თუმცა, ფეხბურთელს მხოლოდ „იუვენტუსში“ გადასვლა სურს, ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.
საქმე ისაა, რომ „იუვე“ ინგლისური კლუბებივით მიმზიდველ წინადადებას არ იძლევა. ტურინელები მხოლოდ ორწლიან იჯარაზე გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით არიან თანახმა და ისიც 30 მილიონ ევროდ. ყოველშემთხვევაში იქამდე, სანამ რომელიმე მნიშვნელოვან ფეხბურთელს არ გაყიდიან.
მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არ ჩაშლილა, მხარეები კიდევ ისაუბრებენ, მაგრამ „იუვენტუსს“ ბევრი დრო არ აქვს, „სასუოლო“ მხოლოდ აგვისტოს დასაწყისამდე აპირებს მოცდას, მერე კი მანუელს ან გუნდში შეინარჩუნებს, ან მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ინგლისში გაყიდის. ასე თუ მოხდება, ტურინული კლუბი, რომელსაც კატასტროფული სატრანსფერო ფანჯარა აქვს და არავინ დაუმატებია, ჯანლუიჯი დონარუმას მერე კიდევ ერთი ნიჭიერ იტალიელ ფეხბურთელს დაკარგავს, რომელსაც მხოლოდ „იუვეში“ თამაში სურს.