ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ განაცხადა, რომ „ბებერ ქალბატონს“ ახლა არა მარტო მაღალი დონის მოთამაშეები, არამედ ტექნიკური პროექტიც არ აქვს.
„იუვეს“ ამჟამად არ ჰყავს უძლიერესი მოთამაშეები და ამიტომ საჭიროა ტექნიკურ პროექტზე დაყრდნობა, მაგრამ „იუვეს“ ესეც არ აქვს. ლეანდრო პარედესი მნიშვნელოვან ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ პსჟ-დან გაუშვეს, როგორც წესი მსგავსი ფეხბურთელების ტრანსფერი არ მუშაობს. ზოგადად, ბოლო წლებში გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა გაუგებარი და მცდარი იყო. არივაბენეს კომენტარიც ალეგრიზე მიუღებელია, „იუვენტუსის“ მენეჯერი მსგავს კომენტარს ხუმრობითაც არ უნდა აკეთებდეს“, – თქვა მაურომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და ისტორიაში პირველად წააგო ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორივე მატჩი. სეზონში ჩატარებული 8 მატჩიდან კი „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ ორი მოიგო, რაც კატასტროფული შედეგია.