ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ „ნანტთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან შეაქო დანილო, თქვა, რომ პენალტი აშკარა იყო, მაგრამ ყველაზე დიდი უსამართლობა 15 ქულის დაკლებაა.
„არ მინდა, თამაშის შეფასებაზე ვისაუბრო. უბრალოდ მინდა, დანილო შევაქო, რადგან იშვიათად მინახავს ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, უცხოელი, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა „იუვენტუსში“. ყოველთვის ნათელი, კრიტიკული, როცა ეს საჭიროა და პოზიტიური სწორ მომენტებში.
ჩემთვის ეს პენალტი იყო! ოღონდ, ერთ ეპიზოდს ნუ მივაჩერდებით. მოდით, უფრო შორს გავიხედოთ, ყველაზე დიდი უსამართლობა იყო სეზონის მიმდინარეობისას 15 ქულის დაკლება. გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო. დღეს ლიგა 1-ის მე-13 ადგილოსანთან ფრე ვითამაშეთ, მაგრამ იმედია, საპასუხო მატჩში გავიმარჯვებთ“, – თქვა მარკიზიომ.
შემდეგ მან ტვიტერში დაწერა: “პენალტი იყო, მაგრამ თავი ამით არ უნდა დავიმშვიდოთ, რადგან ლიგა 1-ის მე-13 ადგილოსანს ვერ მოვუგეთ. სერია A-ში მეორე ადგილზე ვართ (ქულების დაკლების გარეშე), გვყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები. იღბალი საჭიროა ძლიერ გუნდებთან, მაგრამ არა ასეთ გუნდებთან”.
შეგახსენებთ, რომ „ნანტისა“ და „იუვენტუსის“ საპასუხო მატჩი 23 თებერვალს გაიმართება.