მთავარი / სიახლეები / მანჩინი: “არგენტინასთან მატჩით ერთი თავი დაიხურება”

მანჩინი: “არგენტინასთან მატჩით ერთი თავი დაიხურება”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ფინალისიმას წინ, რომელშიც მისი გუნდი კოპა ამერიკის ჩემპიონ არგენტინას შეხვდება, პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ამ მატჩით ერთგვარი ციკლი იხურება და შემდეგ ნაკრებისთვის ახალი ეტაპი დაიწყება.

„ხვალ იქნება მატჩი, რომელიც ციკლს დაასრულებს. ეს არ ნიშნავს, რომ 15-20 ფეხბურთელი წავა, მაგრამ ოთხშაბათიდან ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც ჩავრთავთ პროცესში, რათა გავიგოთ როგორი მოთამაშეები არიან და შეგვიძლია თუ არა, მათი იმედის ქონა მომავლისთვის. ფეხბურთელების არჩევა ყოველთვის ლოგიკური კრიტერიუმებით უნდა მოხდეს, მაგრამ სითამამეც საჭიროა. ახალგაზრდა ჯგუფს სხვანაირი მხარდაჭერა სჭირდება.

ძალიან სასიამოვნოა „უემბლიზე“ ყოფნა. 12 თვის წინ აქ ვზეიმობდით, ამიტომაც ცოტა ემოციაც იქნება. თუმცა ეს მოგონებები მსოფლიოს ჩემპიონატის გარეშე დარჩენის სიმწარეს ვერ გადაფარავს. სასიამოვნოა აქ ყოფნა, იტალია-არგენტინა მსოფლიო ფეხბურთის კლასიკაა და ბევრ ფეხბურთელს პატივს მიაგებენ. ნამდვილად ლამაზი მატჩი იქნება, დიდი ემოციებით.

ვფიქრობ, რომ ჩემი გუნდი შოუს მოწყობას შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოთამაშე გვაკლია. ვისურვებდი, რომ ყველა აქ იყოს, ისინი ამას იმსახურებენ. წინ კარგი მატჩი გველოდება. სამწუხაროა, რომ კიეზა, იმობილე, ბერარდი და ვერატი დაგვაკლდება, თუმცა, ვინც მოედანზე გავა, შესანიშნავად ითამაშებს. არგენტინა ძლიერია, მაგრამ ჩვენც ძლიერი გუნდი გვყავს.

ბელოტი მშვიდადაა, ისევე, როგორც ყველა ფეხბურთელი. ის ითამაშებს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მეორე ფორვარდი იყო, იმედია კარგად ითამაშებს და არ მგონია, რომ „ტორინოსთან“ კონტრაქტის ამოწურვის საკითხი მასზე იმოქმედებს.

მე მქონდა ბედნიერება, რომ მარადონას წინააღმდეგ მრავალი წლის განმავლობაში მეთამაშა, ეს დიდი პატივი იყო ჩვენთვის, იტალიელებისთვის და განსაკუთრებით ნეაპოლელებისთვის. ძალიან ემოციური იქნება მისი გახსენება და სამწუხაროა, რომ დიეგო ჩვენთან ერთად აღარ არის.

ვცდილობთ კლუბებთან მომავალზე ვიმუშაოთ და განვითარდეთ. კლუბში თუ ახალგაზრდა ფეხბურთელებს დროს არ მისცემენ, მე ვერ დავავალდებულებ. თუ ამის გაკეთება კლუბებს არ სურთ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ჩვენ მიუხედავად მრავალი სირთულისა, მაინც მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატის მოგება“, – თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და არგენტინის მატჩი 1 ივნისს, „უემბლიზე“, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. „ფინალისიმას“ შემდეგ „სკუადრა აძურა“ ერთა ლიგისთვის დაიწყებს მზადებას, სადაც 4 მატჩს ჩაატარებს, გერმანიის (ორჯერ), ინგლისისა და უნგრეთის ნაკრებების წინააღმდეგ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …