ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ვესტონ მაკკენიმ განაცხადა, რომ მისი სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიმდინარეობს. თავდაპირველი ინფორმაციით, ვესტონს მიმდინარე სეზონში ვერ უნდა ეთამაშა, მაგრამ ბოლო ცნობებით, ის შესაძლოა აპრილის ბოლოს სათამაშოდ მზად იყოს.
„ამ მომენტში ჩემი მიზანი ტრავმის მოშუშება და გუნდთან ერთად დაბრუნებაა. მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. ცხადია, არის ბევრი ფაქტორი, რაზეც ჩემი დროული დაბრუნება დამოკიდებულია, მაგრამ იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება. სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად ვითარდება და იქნებ, აპრილის ბოლოს მოედანზე დავბრუნდე, რითაც სეზონის ბოლო ნაწილში „იუვენტუსს“ დავეხმარები“, – თქვა მაკკენიმ.
შეგახსენებთ, რომ ვესტონ მაკკენიმ ტრავმა თებერვალში „ვილიარეალთან“ მიიღო. მან მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.