მასიმილიანო ალეგრის ასისტენტმა მარკო ლანდუჩიმ, რომელიც გუნდს „ლაციოსთან“ ხელმძღვანელობდა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა, რადგან გუნდმა მეორე ტაიმში გოლის გატანა დაიმსახურა.
„მილინკოვიჩ-სავიჩის გოლი? ჩვენ ასეთ თემებზე არ ვკამათობთ და არ ვწუწუნებთ, მსაჯმა მიიღო გადაწყვეტილება, რაც ყველამ ვნახეთ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ დაბალ დონეზე ვითამაშეთ პირველ ტაიმში, მეორე ნახევარში კარგი თამაში გვქონდა და გოლის გატანა ნამდვილად დავიმსახურეთ. ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა, მაგრამ შედეგს უნდა შევეგუოთ. დასანანია, რადგან მეორე ტაიმი კარგად ვითამაშეთ. კიეზა და პარედესი თამაშში კარგად ჩაერთვნენ, მეორე ტაიმი კარგი იყო, უბრალოდ გოლი დაგვაკლდა, რაც მთავარია.
კიეზა და პოგბა გუნდში 100%-იან კონდიციაში არასდროს გვქონია, დღეს ფედერიკო ძალიან კარგად შემოვიდა, მაგრამ ერთი წელია არ უთამაშია, თუმცა უმატებს და დღევანდელი საღამოს პოზიტიური მხარეა. შეგვიძლია სხვადასხვა სქემით თამაში და დღეს მეორე ტაიმში 4 მცველით ვითამაშეთ, რა დროსაც უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ დასანანია გოლის გაშვება, თუმცა ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. ვლაჰოვიჩს უჭირს? ფორვარდებმა გოლი უნდა გაიტანონ, დღეს ჰქონდა შანსი, შეცვლამდე ცოტა ხნით ადრე, პირველ ტაიმში გუნდი მას მცირედით ეხმარებოდა. ალეგრის ახლახან ველაპარაკე და თქვა, რომ მეორე ტაიმით კმაყოფილია, მაგრამ პირველ ტაიმში უკეთ თამაში საჭირო, ეს მეც დავინახე. თავს ცუდად არ ვიცავდით, თუმცა, შეცდომები იყო.
დი მარიამ მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა, როგორც ყველა ფეხბურთელმა. კიეზა ერთი-ერთზე დამანგრეველია, მაგრამ ანხელის ფლანგიდანაც ხშირად ვუტევდით. დანილომ ყველა თამაში ჩაატარა, გვინდოდა, ცოტა დაესვენა, რადგან ხუთშაბათს მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. ენერგია უნდა ვმართოთ, ასე გადავწყვიტეთ.
ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას ოპტიმისტურად ვუყურებთ. ველოდებით 19 აპრილს საბოლოო განაჩენს, მოედანზე 59 ქულა გვაქვს, ამ მომენტისთვის კი 44, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ. ახლა ხუთშაბათის მატჩზე უნდა ვიმუშაოთ, რომელიც გვინდა კარგად ჩავატაროთ“, – თქვა ლანდუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 13 აპრილს, ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ლისაბონის „სპორტინგს“ უმასპინძლებს.