ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის ასისტენტმა მარკო ლანდუჩიმ „სამპდორიასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ალეგრი დისკვალიფიცირებული იყო და სწორედ ლანდუჩიმ შეცვალა ის.
აღსანიშნავია, რომ ლანდუჩიმ „იუვეს“ მიმდინარე სეზონში ორჯერ უხელმძღვანელა და ორჯერვე ტურინელებმა 4-4 გოლი გაიტანეს (მანამდე „რომასთან“).
„კარგი მატჩი გვქონდა, ადვილი არ იყო, მაგრამ ნამდვილად კარგად ვითამაშეთ. კმაყოფილები ვართ, რადგან გვინდოდა მომდევნო ეტაპზე გასვლა, ვინაიდან „იუვეს“ ყველა ფრონტზე ასპარეზობა უნდა. გვეშინოდა ამ მატჩის, მაგრამ სწორი დამოკიდებული გვქონდა და ფეხბურთში ეს გადამწყვეტია, ყველამ ძალიან კარგად ითამაშა. დიბალა ძალიან კარგად მუშაობს, კმაყოფილი ვართ მისი თამაშით. პირველ წრეში მას არ გაუმართლა, ტრავმის გამო რამდენიმე თამაშში დაგვაკლდა. ამას არავინ ამბობს, მაგრამ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა, დღეს დანილო დაგვიბრუნდა, გვაკლია ფედერიკო კიეზა, ვისარგებლებ შემთხვევით და მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და მას მოუთმენლად ველოდებით. ამ გამარჯვებას ფედერიკოს ვუძღვნით. ესეც გაივლის და უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ადრე იყო.
ბოლო თამაშებში გუნდის დამოკიდებულება შეიცვალა, მოგება თავდაჯერებას გვაძლევს, მატჩები მოედანზე უნდა მოვიგოთ და ეს ადვილი არ არის. ქულები დავკარგეთ საშუალო დონის გუნდებთან და ეს გაკვეთილი უნდა იყოს. მთავარია, შრომა, მოდნომება და დამოკიდებულება. ცოტა უნდა ვილაპარაკოთ, მნიშვნელობა ფაქტებს აქვს. „მილანთან“ რთული მატჩი იქნება, თუმცა, ვეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ, როგორც ყოველთვის“, – თქვა ლანდუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „სასუოლო“ – „კალიარის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, მომდევნო მატჩს კი 23 იანვარს, „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.