მატაის დე ლიხტის „ბაიერნში“ ტრანსფერზე საუბარი არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს La Stampa-მ საპირისპირო ცნობა გაავრცელა.
იტალიური გამოცემის ცნობით, ნიდერლანდელის ტურინში დარჩენა სულაც არაა გამორიცხული, ხოლო შემოდგომაზე შეიძლება მან კლუბთან კონტრაქტიც კი გაახანგრძლივოს, ოღონდ გამოსასყიდი ფასის შემცირებით, რომელიც ამჟამად 120 მილიონი ევროა. დე ლიხტს „იუვესთან“ მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
და მაინც, თუ დე ლიხტი წავა, ვინ შეცვლის მას? კალიდუ კულიბალის ვარიანტი გამოირიცხა, რადგან ის დღეს „ჩელსის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. თუმცა, სხვა ბევრი ვარიანტიცაა. იტალიური მედიის ცნობით, „იუვე“ მზადაა „ინტერს“ „ტორინოს“ ფეხბურთელ გლეისონ ბრემერში შეეცილოს. დიდი ხანია, ბრაზილიელისთვის ბრძოლაში „ნერაძური“ წინაა, მაგრამ ტურინელები მზად არიან ბრემერისთვის სერიოზულად იბრძოლონ. ის მათ სიაში პირველი წერია.
ბრემერის ალტერნატიული ვარიანტია გაბრიელ მაგალაეში, რომელიც ლონდონის „არსენალში“ თამაშობს. გარდა ამისა, „იუვენტუსი“ აქტიურად აკვირდება „ვილიარეალის“ მცველ პაუ ტორესსა და „ფიორენტინას“ უკანახაზელ ნიკოლა მილენკოვიჩს.