ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტმა როკო კომისომ დუშან ვლაჰოვიჩის „იუვენტუსში“ ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ გარიგებით მოგებული მხოლოდ მისი გუნდი დარჩა.
როგორც მან თქვა, „ფიორენტინას“ ახლა 70 მილიონით მეტი აქვს, ხოლო ვლაჰოვიჩზე მეტი გოლი კაბრალმა და იოვიჩმა გაიტანეს, რომლებმაც სერბი შეცვალეს.
„ვლაჰოვიჩს „იუვენტუსში“ გადასვლა უნდოდა. ბევრმა გაგვაკრიტიკა, რადგან კაბრალს და იოვიჩს დღემდე ბევრი გოლი არ გაუტანიათ, მაგრამ ეს სიმართლე არაა. „ინტერისა“ და „ნაპოლის“ გარდა, „ფიორენტინა“ ყველას დონეზე დგას, მათ შორის, „იუვენტუსის“, „მილანის“ და ყველა დანარჩენის. კაბრალსა და იოვიჩში ჯამში 15 მილიონი გადავიხადეთ და უკვე გაიტანეს 20 გოლი იმ სამ ტურნირში, რომელშიც ვთამაშობთ. ვლაჰოვიჩმა კი „იუვენტუსში“ მხოლოდ 10 გოლი გაიტანა, აქედან 2 პენალტით. გარდა ამისა, ჩვენ ბიუჯეტში მისი წყალობით 70 მილიონით მეტი გვაქვს“, – თქვა კომისომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ დუშან ვლაჰოვიჩი გასული წლის იანვარში 75 მილიონ ევროდ დაიმატა. მას შემდეგ სერბმა 44 მატჩში 19 გოლი გაიტანა, მათ შორის, მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრაში თავი 10-ჯერ გამოიჩინა.