ფედერიკო კიეზა ესპანეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სწორედ მან გახსნა მე-60 წუთზე ანგარიში შესანიშნავი დარტყმით და “სკუადრა აძურას” გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ფედერიკომ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ეს გამარჯვება სპინაცოლას ეძღვნება. ეს გუნდი საოცარია. ამ საღამოს გაგვიჭირდა, მაგრამ პროფესიონალები ვართ და ყოველმეოთხე დღეს თამაში არ გვაწუხებს. ნახავთ, ფინალისთვის მზად ვიქნებით და მაქსიმუმს გავაკეთებთ. ყველაზე ლამაზი საღამოა, 60 მილიონი იტალიელისთვის თამაში წარმოუდგენელი ოცნებაა. ამაზე არასდროს მიფიქრა, ეს ჩემი კარიერის საუკეთესო ღამეა.
ვამაყობ, რომ დაახლოებით ისეთი გოლი გავიტანე, როგორიც მამაჩემს ხშირად გაჰქონდა. ვითამაშეთ ესპანეთის წინააღმდეგ, რომელსაც ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ დონეზე 15 წელი თამაშობდნენ. ჩირო ფუნდამენტური იყო, დაცვით ფაზაში გვეხმარებოდა, ეს გოლიც ნახევრად მისია. დავამტკიცეთ, რომ დიდი გუნდი ვართ, ერთიანი. ფინალის მეტოქე? საკუთარ თავზე ვფიქრობთ, ხვალ გავიგებთ ვინ იქნება. ინგლისმა აჩვენა თავისი ხარისხი, ვნახოთ ვინ შეგვხვდება“, – თქვა კიეზამ.
შეგახსენებთ, რომ იტალია ევრო 2020-ის ფინალში 11 ივლისს, “უემბლიზე” ინგლისი-დანიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. აქვე გეტყვით, რომ კიეზას ამ ევროპის ჩემპიონატზე 2 გოლი აქვს გატანილი და ორჯერაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა (უელსთან და ესპანეთთან).