ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.
კიეზამ ილაპარაკა მძიმე ტრავმაზე, სარეაბილიტაციო პერიოდზე, მომავალ მიზნებსა და ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტზეც.
– იყო მომენტი, როდესაც გეშინოდა, რომ ვეღარასდროს დაბრუნდებოდი ისეთი, როგორც მანამდე იყავი?
– ბევრი რთული მომენტი იყო, ყველაზე მძიმე, როცა დამიდასტურეს მყესების გაწყვეტა. ამ 10 თვეში ბევრი დაბრკოლების გადალახვა მომიწია, ჯერ ოპერაციის შემდგომი ტკივილი, შემდეგ 6 კვირა ყავარჯნებით ყოფნა. ფინიშის ხაზი მართლაც შორს ჩანდა. როცა სირბილი დავიწყე, პრობლემები იყო, რაც შეიძლება მოხდეს ასეთ ხანგრძლივ რეაბილიტაციაში და ამ ტიპის ოპერაციების შემდეგ. დავინახე, რომ ჩემი მიზანი შორს იყო, მაგრამ არ დავნებდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ფეხბურთს უნდა დავბრუნებოდი. მიჩვეული ვარ სირთულეების გადალახვას, ამას ჩემს კარიერაში ყოველთვის ვაკეთებდი.
– რეაბილიტაცია უფრო რთული ფიზიკურად იყო თუ მენტალურად?
– ორივე. თავიდან ტკივილი იმდენად მძიმე იყო, რომ ლოგინიდან ადგომა მიჭირდა. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს სასარგებლოდ იყო, რადგან უფრო მოწიფული ვარ. ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა ადამიანურ დონეზეც.
– ვლაჰოვიჩი „ფიორენტინაში“ გაიცანი და „იუვენტუსში“ ისევ შეხვდით ერთმანეთს, მაგრამ ტურინულ კლუბში ერთად ჯერაც არ გითამაშიათ. ახლა ორივემ მოირჩინეთ ტრავმები და შეგიძლიათ უკეთესი დუეტი გახდეთ, ვიდრე ოსიმენი და კვარაცხელია?
– ოსი-კვარას დუეტი სერია A-ში ერთ-ერთი უძლიერესია, ორივე შესანიშნავ ფორმაშია და პირველ რიგში სეზონის სტარტიდან იპოვეს ერთმანეთში ჰარმონია. მე და დუშანს გარკვეული ფიზიკური პრობლემები გვქონდა, მაგრამ „ფიორენტინაში“ ერთმანეთს ყოველთვის კარგად ვუგებდით და ვიმედოვნებთ, რომ ასე იქნება „იუვეშიც“. ვწუხვარ, რომ „მონცას“ წინააღმდეგ არ ვიყავი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ვლაჰოვიჩი და პოგბა დაბრუნდნენ. მქონდა პრობლემა, მაგრამ არაფერი სანერვიულო, იტალიის თასზე „ლაციოსთან“ მზად ვიქნები.
– „მონცასთან“ თამაშის შემდეგ ალეგრიმ თქვა, რომ ფეხბურთელებმა მხოლოდ თამაშზე უნდა იფიქრონ. როგორც ახერხებთ ამას?
– მწვრთნელი მართალია, მოედანზე მაქსიმუმის გაღება ჩვენი მოვალეობაა. ბოლო რამდენიმე მატჩში წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ვცდილობთ მოვუმატოთ. აგრესია დავკარგეთ და ბევრ მომენტს ვერ ვქმნით, მეტოქეებისგანაც ბევრი გოლი გავუშვით.
– მომავალში თავს კაპიტნად ხედავთ?
– კაპიტნის სამკლაურზე არ ვფიქრობ, უბრალოდ მინდა ფორმაში დაბრუნება, რომ კარგად ვითამაშო და გუნდს დავეხმარო. ჩვენ გვყავს იტალიელების კარგი ჯგუფი ახალგაზრდული სექტორიდან, მათ აქვთ პერსპექტივა, ეს ფეხბურთელები არიან მირეტი და ფაჯოლი, რა თქმა უნდა, ლოკატელიც. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ჯერ კიდევ გვაკლია კიელინის და ბონუჩის გამოცდილება, თუმცა მხოლოდ გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ.
– გაცდენილი 10 თვიდან თუ შეგიძლია აირჩიო ერთი თამაში, რომელსაც ითამაშებდი, რომ შეგძლებოდა…
– ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ, რადგან მინდოდა თანაგუნდელებს დავხმარებოდი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა. ახლა მიზნად ევრო 2024 უნდა დავისახოთ.