ტურინის „იუვენტუსმა“ კალიდუ კულიბალის აგენტთან მილანში შეხვედრა გამართა, მაგრამ იტალიური მედია იტყობინება, რომ ფედერიკო კერუბინის დღეს მხოლოდ ეს შეხვედრა არ გაუმართავს.
როგორც ცნობილი გახდა, კულიბალის აგენტთან შეხვედრიდან რამდენიმე საათში კერუბინი ნიკოლო ძანიოლოსა და ალვარო მორატას აგენტებს მილანის ცენტრში შეხვდა.
„იუვე“ ძანიოლოს გადაბირებას აქტიურად ცდილობს და ფეხბურთელსაც აქვს ტურინულ გრანდში გადაბარგების სურვილი. რაც შეეხება მორატას, მას „იუვენტუსთან“ ორწლიანი იჯარა ამოეწურა და კლუბი დატოვა, თუმცა, არაა გამორიცხული დაბრუნდეს. მასიმილიანო ალეგრის დიდი სურვილია ესპანელი ისევ გუნდში ჰყავდეს, ხოლო მორატასაც უნდა ტურინში დაბრუნება.
აღსანიშნავია, რომ ალვარომ „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე განაახლა და ამან გზა გაუხსნა „იუვეში“ მის ერთწლიანი იჯარით დაბრუნებას. ამიტომაც, „ბებერი ქალბატონი“ ტრანსფერზე მუშაობს.