ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მასიმილიანო ალეგრიმ თამაშის წაკითხვა დააგვიანა.
„იუვეს“ მეორე ტაიმში კარში არ დაურტყამს, მხოლოდ ორი მცდელობა იყო შორიდან. თუ რაღაცას არ შექმნი, რთული იქნება მომდევნო ეტაპზე გასვლა. ბურთი ძალიან ნელა მოძრაობდა, დიბალა თამაშში მანამდე უნდა ჩართულიყო. მეორე ტაიმში არავის უცდია დრიბლინგი, მეტოქის მოტყუება, ბურთს ყოველთვის უკან აბრუნებდნენ.
ემერიმ ორი ფეხბურთელი ჩართო თამაშში და მოიგო. ალეგრიმ შესაძლოა თამაში გვიან წაიკითხა, ან შესაძლოა, ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობას ბოლომდე კარგად არ იცნობს.
იტალიურმა ფეხბურთმა უნდა გაიგოს, რომ მეტი უნდა ვირბინოთ, მეტად უნდა მოვიგოთ ორთაბრძოლები და მეტი ტექნიკით უნდა ვითამაშოთ. ყველაზე მეტად იმის გამო ვწუხვარ, რომ ეს „იუვე“ ჰგავდა „ბარსელონას“, რომელმაც 2010 წელს „ინტერთან“ წააგო, როდესაც მხოლოდ ბურთს ფლობდა. „ბიანკონერის“ საგოლე მომენტები თავით ჰქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში საჯარიმოში არავის ჩაუწოდებია. ისინი ცდილობდნენ ცენტრალური ზონიდან საჯარიმოში შეღწევას, სადაც მეტოქის ბევრი ფეხბურთელი იყო. ემერიმ თამაში ძალიან კარგად მოამზადა და „იუვეს“ ძლიერი მხარეები გაანეიტრალა.
3:0 მეტისმეტი ანგარიშია, მაგრამ „ვილიარეალმა“ ხასიათი გამოავლინა. დიბალა უფრო ადრე უნდა ჩაერთო თამაშში, ის იყო ერთადერთი, ვისაც რამე გენიალურის მოფიქრება შეეძლო, მაგრამ სამაგიეროდ, ყველაზე ცუდ მომენტში შევიდა მოედანზე”, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ვილიარეალთან“ ორი მატჩის ჯამში 1:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში ზედიზედ მესამედ გამოეთიშა.