ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმების ეპიდემიაა. ჯორჯო კიელინის, პაულო დიბალას, ფედერიკო ბერნარდესკის, ფედერიკო კიეზას და დანიელე რუგანის შემდეგ გუნდს ვესტონ მაკკენი, ალექს სანდრო და კაიო ჟორჟე გამოაკლდნენ.
მაკკენის ფეხის ორმაგი მოტეხილობა დაუდასტურდა, რაც მინიმუმ 8 კვირით იძულებით უქმობას ნიშნავს. ამერიკელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე აქამდე იყო.
ალექს სანდრომ „ვილიარეალთან“ მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა და მინიმუმ 10 დღე ვერ ითამაშებს, მერე კი კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდება.
კაიო ჟორჟეს ტრავმა ყველაზე სერიოზულია. ბრაზილიელმა „იუვეს“ 23-წლამდე გუნდში „პრო პატრიასთან“ დაპირისპირებაში მარჯვენა მუხლზე პატელარის მყესი გაიწყვიტა და უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება. მიმდინარე სეზონში კაიო ვერ ითამაშებს.