ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო მარცხენა მცველმა ანტონიო კაბრინიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. მან ალექს სანდროს შესახებ ისაუბრა, ასევე ზოგადად, „იუვესა“ და გასაძლიერებელ პოზიციებზე.
– ანტონიო, „იუვენტუსს“ ამ მომენტში მარცხენა ფლანგზე მხოლოდ ალექს სანდრო ჰყავს, რომელიც დაღმასვლას განიცდის. ეს შემაშფოთებელია?
– ჩემი აზრით, ალექს სანდრო თავის საქმეს ყოველთვის აკეთებდა, ამ სეზონშიც. რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში მოუწია ადაპტირება მხოლოდ დაცვით ფუნქციებთან, რადგან ის უფრო ხშირად შეტევაში ერთვებოდა.
– „იუვენტუსს“ სჭირდება ფლანგის მცველი, რომელიც ვლაჰოვიჩს ბურთს ხშირად ჩაუწოდებს. არა?
– რა თქმა უნდა, ფორვარდებს მომენტი უნდა შეუქმნა, ეს არ ნიშნავს, რომ თამაშში საჯარიმოში 200-ჯერ უნდა ჩააწოდო. უბრალოდ საკმარისია, სწორად ჩააწოდო.
– უმჯობესია ახალგაზრდა უდოგის ყიდვა თუ გამოცდილი ემერსონ პალმიერის?
– გუნდმა ჯერ უნდა გაიაზროს, როგორ აპირებს მომდევნო სეზონში თამაშს. გჭირდება გამოცდილი მოთამაშე, რომელიც უკვე მზადაა თუ ახალგაზრდას დაუთმო დრო გაზრდისთვის.
– არჩევანის გათვალისწინებით, რომელ მარცხენა მცველს ისურვებდით „იუვეში“? ვინ არის ამ პოზიციაზე საუკეთესო?
– ბოლო ათწლეულში მარცხენა მცველების სკოლა თითქოს გაქრა, რადგან იყო წლები წლები, როცა ამ პოზიციაზე ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი იყო. იტალიას დიდი ტრადიცია ჰქონდა ამ პოზიციაზე და ჰყავდა ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც დაცვაშიც კარგად თამაშობდნენ და შეტევასაც ითვისებდნენ. თუმცა, ბოლო წლებში მწვრთნელებმა თამაშის ცენტრალიზაცია დაიწყეს.
– „იუვეს“ დავუბრუნდეთ. რომელ პოზიციაზე სჭირდება გუნდს ყველაზე მეტად გაძლიერება?
– უპირველეს ყოვლისა საჭიროა ნახევარდაცვის გაძლიერება, მაგრამ შეტევაშიც, რადგან შეუძლებელია მხოლოდ ვლაჰოვიჩის იმედად ყოფნა, ყველაფერს ეს ბიჭი ვერ გააკეთებს. ასევე საჭიროა კარგი მცველები, თუ „იუვეს“ დაბრუნება სურს, როგორც იტალიაში, ისე ევროპაში.
– ალეგრის სურს მზა და გამარჯვებული მენტალიტეტის მოთამაშეები…
– საჭიროა მნიშვნელოვანი, დიდი ფეხბურთელები, როგორებიცაა პოგბა ან დი მარია. გამოცდილების გარეშე ძლიერი გუნდის გაკეთება შეუძლებელია.
– გამოცდილებაზე ვსაუბრობთ და რამდენად დააკლდება გუნდს კიელინი?
– დაცვაში გაძლიერება საჭიროა, გასულ სეზონშიც დავინახე მნიშვნელოვან დეფექტები, რამაც ბევრი პრობლემა შექმნა.