ტურინის „იუვენტუსი“ აარონ რემზისთან კონტრაქტის გაწყვეტაზე აქტიურად მუშაობს. ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ამ მხრივ პოზიტიური ძვრებია.
რემზი კომპენსაციის სახით 4 მილიონ ევროს ითხოვს, ტურინელები კი 2 მილიონს სთავაზობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მხარეები დიდი ალბათობით 3 მილიონ ევროზე შეთანხმდებიან.
თუმცა, სკირასგან სრულიად საპირისპირო ცნობა გაავრცელა რომეო აგრესტიმ. ისიც ადასტურებს, რომ რამდენიმე კვირაა ხელშეკრულების გაწყვეტაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ შეთანხმებასთან მხარეები ახლოს ჯერ კიდევ არ არიან.
შეგახსენებთ, რომ აარონ რემზის კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი ხელფასი 7 მილიონ ევროს შეადგენს. ის ტურინელთა შემადგენლობაში უნომროდ არის და მასიმილიანო ალეგრიმ შეკრებაზეც არ წაიყვანა.
უელსელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „რეინჯერსში“ გაატარა. „იუვეს“ მაისურით აარონმა 2019 წლიდან 70 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.