ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „სასუოლოდან“ დავიდე ფრატეზის გადაბირებას ეცდება.
Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა და მოლაპარაკებები დაწყებულია. ფრატეზი 23 წლის ნახევარმცველია, რომელიც კლუბის ახალ პროექტს ერგება: ახალგაზრდა იტალიელი, რომლის ანაზღაურება 1 მილიონზე ოდნავ მეტია. აღსანიშნავია, რომ ფრატეზი მასიმილიანო ალეგრის სისტემაშიც კარგად ჯდება, რადგან შეუძლია, როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულება, ისე შეტევაში კარგად ჩართვა და ორგანიზება.
„სასუოლო“ სავარაუდოდ 25-30 მილიონ ევროს მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ ტურინულ გრანდს ზაფხულში დაუბრუნდება ნიკოლო როველა, გუნდში არიან ნიკოლო ფაჯოლი, მანუელ ლოკატელი და ფაბიო მირეტი. სამაგიეროდ, ადრიენ რაბიო და ლეანდრო პარედესი გუნდს სავარაუდოდ დატოვებენ, ვესტონ მაკკენის, არტურისა და დენის ზაკარიას იჯარა სეზონის ბოლოს იწურება, მაგრამ ისინი ტურინელთა გეგმებში აღარ შედიან და კლუბი მათ გაყიდვაზე იმუშავებს.
ღიაა პოლ პოგბას საკითხი, რომლის შემთხვევაში „იუვე“ იმედოვნებს, რომ მომდევნო სეზონში ფრანგს ფიზიკური პრობლემები ისე არ ექნება, როგორც მიმდინარე სეზონში აქვს.
აქვე გეტყვით, რომ დავიდე ფრატეზიმ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 21 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 5 გოლი გაიტანა.