ტურინის „იუვენტუსის“ 19-წლამდე გუნდი, რომელმაც ისტორია დაწერა და პირველი იტალიური კლუბი გახდა, რომელიც უეფას ახალგაზრდული ლიგის ნახევარფინალში გავიდა, ფინალს მიღმა დარჩა.
„იუვე“ ლისაბონის „ბენფიკასთან“ დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დამარცხდა. ტურინელებისთვის თამაში ძალიან ცუდად დაიწყო. მესამე და მეათე წუთებზე შესაბამისად ნეტომ და სემედუმ პორტუგალიელები ორი ბურთით დააწინაურეს. თუმცა, 35-ე წუთზე „ბენფიკას“ მეკარე სოარეში უხეშობისთვის გაუძევეს და რიცხობრივი უპირატესობა იტალიურმა გუნდმა გამოიყენა.
51-ე წუთზე ანგე ჟოზე ჩიბოზომ სხვაობა შეამცირა, ხოლო 73-ე წუთზე რიკარდო ტურიკიამ წონასწორობა აღადგინა. მეტის გაკეთება „იუვემ“ ვეღარ შეძლო და 0:2-დან 2:2-ს დასჯერდა. შედეგად, პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც პორტუგალიელებმა 4:3 მოიგეს.
„ბენფიკამ“ 5-დან 4 პენალტი გაიტანა, „იუვემ“ მხოლოდ – 3. თერთმეტმეტრიანები არაზუსტად შეასრულეს ნიკოლო ტურკომ და მატიას სულემ. არგენტინელმა სულაც გადამწყვეტი დარტყმა გააცუდა. ასე რომ, „იუვეს“ ფინალამდე ძალიან, ძალიან ცოტა დააკლდა.
È un punto di partenza, ragazzi.
Insieme verso tutte le sfide che ci aspettano ⚪️⚫️#JuveBenfica #UYL #Under19 pic.twitter.com/svSkh3dfEC— JuventusFC Youth (@JuventusFCYouth) April 22, 2022