„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ანტონი მარსიალი შესაძლოა ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ Gazzetta dello Sport-ი იუწყება.
26 წლის მარსიალს ინგლისური გუნდის დატოვება სურს, რისი გამოყენებაც ტურინულ კლუბს შეუძლია, რომელსაც გუნდის შემტევი ხაზის გაძლიერება სურს. „იუვენტუსი“ ფრანგი თავდამსხმელის იანვარში იჯარით დამატებას განიხილავს.
მარსიალი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2015 წლიდან თამაშობს და „მონაკოდან“ შეუერთდა. ამ სეზონში თავდამსხმელმა პრემიერლიგის შვიდ მატჩში ერთი გოლი გაიტანა. ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, Transfermarkt ფეხბურთელს 35 მილიონ ევროდ აფასებს.
აქვე გეტყვით, რომ მარსიალის გარდა, „იუვენტუსს“ იანვარში მაურო იკარდის, ჯანლუკა სკამაკას, ედინსონ კავანისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგს უკავშირებენ. ტურინელებს ფორვარდის პოზიციაზე სერიოზული პრობლემები აქვთ და ზამთარში აუცილებლად სჭირდებათ მაღალი კლასის თავდამსხმელის დამატება. საინტერესოა, რომ მათი მთავარი სამიზნე დუშან ვლაჰოვიჩია, მაგრამ ეს უფრო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის საკითხია, ამიტომაც, მანამდე ტურინელები შუალედურ ვარიანტზე ფიქრობენ.