„რომას“ ნახევარმცველ ნიკოლო ძანიოლოს „იუვენტუსს“ ისევ უკავშირებენ. Tuttosport-ის ცნობით, ტურინული კლუბი სერიოზულადაა დაინტერესებული და ტრანსფერის ალბათობას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან გაზრდის.
მასიმილიანო ალეგრის ძანიოლო ძალიან მოსწონს, ის მხოლოდ 22 წლისაა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჯერჯერობით, ძანიოლოს ფასი დადგენილი არ არის, მაგრამ წყარო ვარაუდობს, რომ 40 მილიონი ევრო მის შესაძენად საკმარისი იქნება.
ნიკოლოს „რომასთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და გახანგრძლივების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას. ამიტომაც, „რომა“ შეიძლება იძულებული გახდეს დამდეგ ზაფხულს იტალიელი შემტევი გაყიდოს.
ტურინული გაზეთი იმასაც იტყობინება, რომ ფეხბურთელის გარემოცვასთან „იუვემ“ კონტაქტი უკვე დაამყარა, ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად კი ყველაფერი უფრო გააქტიურდება.