ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას საიჯარო ხელშეკრულებას განაახლებს. მასიმილიანო ალეგრის დაბრუნების შემდეგ ესპანელის დარჩენის შანსი ძალზე რეალური გახდა და იტალიური მედია ახლა იტყობინება, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია.
მორატა „იუვეში“ მომდევნო სეზონსაც იჯარით გაატარებს, მადრიდის „ატლეტიკო“ კი 10 მილიონ ევროს მიიღებს. შარშან, როდესაც ესპანელი იჯარით გადავიდა ტურინულ გრანდში, ასევე 10 მილიონი გადაიხადა.
მაშინვე კონტრაქტში ორი პუნქტი ჩაიდო: თუ „ბებერ ქალბატონს“ მასთან თანამშრომლობის გაგრძელება მოუნდებოდა, მისი გამოსყიდვა 45 მილიონი ევრო დაუჯდებოდა, ხოლო მეორე ვარიანტი იყო იჯარის 1 წლით განახლება და 10 მილიონის გადახდა. სწორედ ამ მეორე პუნქტს გამოიყენებს „იუვენტუსი“.
ალვარო მორატამ 2020-2021 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი მიითვალა.