ვეტერანმა იტალიელმა მსაჯმა გრაციანო ჩეზარიმ „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრაში გერმანელი არბიტრის, დანიელ ზიბერტის მსაჯობა დაბალ დონეზე შეაფასა.
ჩეზარიმ განაცხადა, რომ „ვილიარეალის“ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან მანამდე დუშან ვლაჰოვიჩზე თამაშის წესი დაირღვა, ხოლო ადრიენ რაბიო წითელ ბარათს იმსახურებდა.
„ეპიზოდის დასაწყისში ჯარიმა იყო. რაულ ალბიოლი ბურთს არ ეხება, მაგრამ ფეხში ურტყამს ვლაჰოვიჩს. მსაჯმა აჩვენა, რომ არაფერი იყო, მაგრამ დარღვევა გახლდათ. VAR-ს შეეძლო და უნდა ჩარეულიყო, რითაც გოლი გაუქმდებოდა. ჩემი შეფასებით მსაჯი 5 ქულას და VAR-ი 4-ს იმსახურებს. გარდა ამისა, რაბიოს მან ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ ვიდეორეფერი აქაც უნდა ჩარეულიყო და წითელი ბარათი ეჩვენებინა“, – თქვა ჩეზარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ საპასუხო მატჩი 16 მარტს, ტურინში გაიმართება.