ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გონსალო იგუაინმა იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო თემებზე ისაუბრა. არგენტინელმა გაიხსენა „ნაპოლის“ ფანების სიძულვილი, როცა „იუვეში“ გადავიდა, თუმცა მათ სამაგიერო გატანილი გოლებით გადაუხადა.
„ნაპოლიში“ ბოლო სეზონში 36 გოლი გავიტანე, შესანიშნავი გუნდი გვყავდა, მაგრამ ჩემპიონები ვერ გავხდით. მაინტერესებდა კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ტიტულის მოსაგებად და როცა შეთავაზება „იუვენტუსიდან“ მივიღე, აღარ მიფიქრია. ცხოვრებაში ადამიანს ყველა ბოროტება უკან უბრუნდება. „ნაპოლის“ ფანები ტრანსფერის მერე შეურაცხყოფას მაყენებდნენ, სიძულვილს გამოხატავდნენ, მაგრამ საპასუხოდ მათ წინააღმდეგ 8 მატჩში 6 გოლი გავიტანე.
მესი თუ რონალდუ? თუ ერთი უნდა ავირჩიო, ლეოს ავირჩევ. საუკეთესო მწვრთნელები, რომლებიც მყოლია, საბელია, პელეგრინი და სარი იყვნენ. მარადონას ცალკე ვაყენებ, რადგან ნაკრებში პირველი მან გამომიძახა და მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნები.
მახსოვს, „ნაპოლიში“ თამაშისას „არსენალში“ ტრანსფერი შესაძლებელი იყო, მაგრამ მათ ჩემი ფასი ძალიან ეძვირათ. შემდეგ კი რამდენიმე დღეში იოზილში 80 მილიონი ევრო დახარჯეს.
„იუვენტუსში“ ყველაზე მეტად წონას აკონტროლებდნენ. თუმცა, მე პრობლემა არ მქონდა, სეზონის ბოლოს 30 გოლი გამქონდა. ხანდახან, ფოტოების გადაღებისას სუნთქვას ვიკავებდი, რომ მუცელი არ გამოჩენილიყო (იცინის).
ვის დავპატიჟებდი ფეხბურთელებიდან ვახშამზე? ბრაზილიელ რონალდოს, ბუფონს და სერხიო რამოსს“, – თქვა იგუაინმა.
შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი „იუვენტუსში“ სამი სეზონის განმავლობაში თამაშობდა და 149 შეხვედრაში 66 გოლი გაიტანა.