ანდრეა პირლოს ყოფილმა ასისტენტმა იგორ ტუდორმა ხორვატულ მედიასთან ინტერვიუში „იუვეს“ სამწვრთნელო შტაბში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის მწვრთნელია და ამიერიდან არასდროს იქნება ვინმეს ასისტენტი.
„პირლომ დამირეკა, ნედვედიც მის გვერდით იყო. შემომთავაზა ასისტენტის პოზიცია და მეც დავთანხმდი, რადგან ეს „იუვე“ იყო. ჩემს გარდა, პირლომ ბარონიოც აიყვანა, რომელიც მისი მეგობარია და კიდევ ერთი ანალიტიკოსი დაიმატა (გალიარდი). ის ყველას ერთნაირად ექცეოდა, ეს არ იყო სამართლიანი, რადგან მე მწვრთნელი ვარ.
რთული სეზონი იყო, მაგრამ საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგაზე გავედით და იტალიის თასი მოვიგეთ. ამის მიუხედავად, გაგვათავისუფლეს. ვუთხარი ჩემს თავს, რომ მომდევნო სეზონიდან არავის თანაშემწე აღარ ვიქნები“, – თქვა ტუდორმა.