ვეტერანმა მსაჯმა ეციო მორინამ ვრცლად ისაუბრა „სალერნიტანასთან“ მატჩის ბოლოს მსაჯების უხეშ შეცდომაზე და თქვა, რომ რაც მოხდა, უბრალოდ აბსურდია.
მორინამ ასევე აღნიშნა, რომ კალჩოპოლის ცნობილი სკანდალის შემდეგ არბიტრები მცირედით საეჭვო ეპიზოდებზე ყოველთვის „იუვესთვის“ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებენ.
“VAR-ს კომატოზურ პირობებში ვიყენებთ, რადგან ამ მატჩის შედეგი არბიტრების შეცდომითაა განპირობებული. ბონუჩი იმ მომენტში ხელს არავის უშლიდა, უფრო მეტიც, თუ ეპიზოდს კარგად დავაკვირდებით, მას მეტოქე მაისურზე მაგრად ექაჩება და ამ ნაბიჯს სწორედ იმიტომ დგამს, რომ თავი დააღწიოს მეტოქეს და არანაირად არ აფერხებს მეკარის ხედვას. მისი პოზიცია აბსოლუტურად არ უშლის ხელს ეპიზოდში არავის.
შეიძლება პირადი გამოცდილებიდან გამომდინარეა, მაგრამ გუშინ შეცდომა მაშინვე შევამჩნიე. როცა კუადრადო კუთხურს აწვდიდა, კანდრევა წინ ედგა, როგორ შეიძლებოდა თამაშგარე ყოფილიყო? VAR-ს „სალერნიტანას“ ფეხბურთელი უბრალოდ დაავიწყდა, ეს აბსურდია. ზოგადად, კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ, როცა ოდნავ მაინც საკამათო ეპიზოდია, მსაჯები გადაწყვეტილებებს ყოველთვის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ იღებენ“, – თქვა მორინამ.