ევროპის ჩემპიონატის ჩაგდების გამო მატიას დე ლიხტის კრიტიკოსები მოუმრავლდა. ერთ-ერთი იყო ლეგენდარული მარკო ვან ბასტენი, რომელმაც თქვა, რომ დე ლიხტმა იტალიაში ვერაფერი ისწავლა და პროგრესი არ აქვს.
იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა ამ თემასთან დაკავშირებით ვეტერანი მცველები, ფრანკო ბარეზი, დანიელე ადანი და ჯუზეპე ბერგომი ჩაწერა. ისინი ვან ბასტენს არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ დე ლიხტი ძალიან მაღალი დონის მცველია.
„დე ლიხტზე დისკუსია არ შეიძლება. მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. თითოეული წმვრთნელი რაღაცას გადასცემს ფეხბურთელს, ზოგიც მეტს, ზოგიც ნაკლებად. ალეგრი ნიდერლანდელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მწვრთნელი იქნება. ის ძალიან ახალგაზრდაა, დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ უკვე ითამაშა მნიშვნელოვან ტურნირებზე. მას ყველაფერი აქვს: ძალა, ხასიათი, სისწრაფე, ფიზიკური მონაცემები. ვიცნობ ვან ბასტენს, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მისი სტიმულირება სურდა“, – თქვა ფრანკო ბარეზიმ.
„დე ლიხტი ჩემი აზრით, შესანიშნავი ფეხბურთელია. სრულყოფილი თვისებები აქვს: იცის, მეტოქის აყვანა, ზონის დაფარვა. ჩემი აზრით, იტალიაში უფრო მეტი ისწავლა სივრცეების ათვისებაში, მეტოქისა და ბურთის კონტროლში ამ ორ წელიწადში მან მოუმატა, მიუხედავად ზოგიერთი ტრავმისა, რომლებიც მას ჰქონდა და სხვადასხვა მწვრთნელები ჰყავდა. მსოფლიო დონის მცველია. როდესაც დე ლიხტი იტალიაში ჩამოვიდა, მას ახალი ბარძალი შევარქვი, რადგან ანდრეა ძალიან კარგი იყო ზონის ათვისებასა და მეტოქის აყვანაში, სწრაფი იყო, საჰაერო ორთაბრძოლებში ძლიერია, ეფექტური თამაშის საწყის კონსტრუქციაში. დე ლიხტი არასდროს იქნება არც კიელინი და არც ბონუჩი, მაგრამ შეუძლია ბარძალის ევოლუცია გახდეს“, – თქვა დანიელე ადანიმ.
„როდესაც დე ლიხტი იტალიაში ჩამოვიდა, ხშირად მეტოქეს უკნიდან იყვანდა და მას მერე ბევრი რამ ისწავლა სარისგან და პირლოსგან. თვისებებით ის არასდროს იქნება ახალი ბონუჩი და სამცველიან სქემაში მაქსიმუმ მარჯვნივ ითამაშოს, არა ცენტრში, როგორც ნიდერლანდელის ნაკრებში ათამაშებდნენ. დე ლიხტი ფიზიკურად ძლიერია, სწრაფია, ნახავთ, ალეგრისთან რამხელა ნახტომს გააკეთებს, რომელიც ბევრს ავარჯიშებს ფეხბურთელებს ერთი-ერთზე ან ორი-ორიზე თამაშში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ უკვე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“, – აღნიშნა ჯუზეპე ბერგომიმ.
შეგახსენებთ, რომ მატიას დე ლიხტი „იუვენტუსმა“ 2019 წელს „აიაქსიდან“ 75 მილიონ ევროდ შეიძინა.