ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა და პაულო დიბალას აგენტი ხორხე ანტუნი ერთმანეთს 10 მარტს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, შეხვედრა გადაიდო.
ტურინულმა მხარემ ითხოვა, რომ კონტრაქტის განახლებაზე დიალოგი „ვილიარეალთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ შედგეს. ეს თამაში 16 მარტსაა დაგეგმილი. მოგეხსენებათ, დიბალას კონტრაქტი ეწურება და მხარეებმა მის განახლებაზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.
აქვე გეტყვით, რომ დიბალამ დღეს ივარჯიშა, თუმცა არა გუნდთან ერთად, არამედ ინდივიდუალურად. ის სავარაუდოდ, „სამპდორიასთან“ ვერ ითამაშებს, მაგრამ ტურინელები იმედოვნებენ, რომ „ვილიარეალთან“ მატჩისთვის პაულო მზად იქნება.
გარდა ამისა, ინდივიდუალურად ივარჯიშეს ჯორჯო კიელინიმ, ალექს სანდრომ და მატია დე შილიომ. მათი მდგომარეობაც იდენტურია, როგორც დიბალას – „ვილიარეალთან“ ვარაუდობენ, რომ დაბრუნდებიან.
დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა ხუან კუადრადომ, რომელსაც სიცხე აქვს. კოლუმბიელი თუ შაბათამდე ვერ მომჯობინდება, მე-11 ფეხბურთელი იქნება, რომელიც გენუელებთან შეხვედრისთვის „იუვეს“ გამოაკლდება.