ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატია დე შილიომ „ზენიტთან“ (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 29 წლის ფეხბურთელმა საკუთარ დაბადების დღეზე საგოლე პასი გააკეთა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
„დაბადების დღის აღნიშვნა გამარჯვებით ფანტასტიკურია. ჯგუფში სამივე თამაშის მოგება უმნიშვნელო არ არის და კმაყოფილი ვარ აქამდე გავლილი გზით. ამ სამი ქულით ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან დაგვეხმარება. ასევე, ზედიზედ მეოთხე მშრალად შენახული კარი საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო თავდაჯერებულად გამოვიყურებოდეთ მომავალ თამაშებში. ხვალიდან ჩვენი გონებით „ინტერთან“ მატჩზე ვიფიქრებთ“, – თქვა დე შილიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის სამ ტურში 9 ქულა აქვს და გოლიც არ გაუშვია. მომდევნო მატჩს ტურინული გრანდი 24 ოქტომბერს, სტუმრად მილანის „ინტერთან“ გამართავს.