მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “რაიოლამ ჩემზე 3 თვის წინ ისაუბრა, ამ დროში ბევრი რამის შეცვლა შეიძლება”

დე ლიხტი: “რაიოლამ ჩემზე 3 თვის წინ ისაუბრა, ამ დროში ბევრი რამის შეცვლა შეიძლება”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. როგორც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ის მხოლოდ აწმყოზეა კონცენტრირებული და მომავალზე ამჟამად არ ფიქრობს.

„კლუბში უფრო და უფრო მეტი პასუხისმგებლობა მეკისრება. ახლა ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი ხშირად არიან ტრავმირებულები, ამიტომ, ჩემს მხრებზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლაა, რაც მომწონს. ვაცნობიერებ, რომ შემიძლია მნიშვნელოვანი როლის თამაში.

ზაფხულის ბოლოს რონალდუ დავკარგეთ და რა თქმა უნდა, ამით 30 გოლიც დავკარგეთ. მაშინვე ვერ მოვახერხეთ ისეთი ფეხბურთელის ყიდვა, როგორიც ვლაჰოვიჩია, რადგან სატრანსფერო ბაზარზე უკვე გვიანი იყო. რა თქმა უნდა, ეს სეზონის პირველ ნაწილში დაგვეტყო.

ვლაჰოვიჩი? როდესაც მის წინააღმდეგ ვთამაშობდი, შევამჩნიე, რამდენად ძლიერი და ტექნიკურად კარგი იყო. მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, ძალიან მოტივირებულია გოლის გატანაზე. ჩვენ გვჭირდებოდა მისნაირი თავდამსხმელი.

მომავალი? სამ ფრონტზე ვიბრძვით და აქ თავს კარგად ვგრძნობ. ყოველ კვირას უფრო მეტს ვსწავლობ, რაც ძალიან მომწონს. რაც მინომ თქვა, ეს სამი თვის წინ მოხდა. ამ დროში ბევრი რამის შეცვლა შეიძლება. ამ მომენტში მე მხოლოდ მიმდინარე სეზონზე ვარ კონცენტრირებული.

სკუდეტო? მგონი ერთ მომენტში ლიდერს 11 ქულით ჩამოვრჩებოდით. მაშინ სკუდეტოზე ფიქრს თავი დავანაბეთ, ვთქვით, რომ კონცენტრირება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე უნდა გაგვეკეთებინა. მას შემდეგ მატჩიდან მატჩამდე ვიყურებით. „ინტერი“, „მილანი“ და „ნაპოლი“ აგრძელებენ ქულების დაკარგვას და 7 ქულა გვაშორებს. სასწაული უნდა მოხდეს, მაგრამ უკეთესი ვითარებაა, ვიდრე 13 ტურის წინ“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მატაის დე ლიხტმა ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსი” იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მეოთხედფინალში „ლაციო“ დაამარცხა. ეს პირველი გამარჯვებაა …

“იუვეს” შეიძლება მინიმუმ 20 ქულა კიდევ დააკლონ

ტურინის „იუვენტუსი“ დიდი ალბათობით კიდევ დაისჯება. Corriere Dello Sport-ი წერს, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორი …