ტურინის „იუვენტუსის“ თამაში „ბოლონიასთან“ (3:0) ალესანდრო დელ პიერომ შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ეს დადებითი ნიშანი იყო, მაგრამ კლუბს სამუშაო ძალიან ბევრი აქვს.
„შეტევაში „იუვე“ უფრო ენერგიული, გადამწყვეტი და კონკრეტული იყო. ბევრი დადებითი ნიშანი იყო, მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. თუმცა, ეს კარგის ნიშანია შემდეგი მატჩებისთვის, რომლებიც ფუნდამენტურია „იუვესთვის“. ვლაჰოვიჩმა მოუმატა, ნაკრებშიც კარგად ითამაშა, დღეს გოლი გაიტანა და კარგი თამაში ჩაატარა. ბოლო პერიოდში ის განერვიულებული იყო და უბრალო რაღაცებსაც კი ვერ აკეთებდა. მილიკთან დუეტში თამაში მისთვის კარგია, რადგან მილიკი არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია და ამ „იუვესთვის“ ფუნდამენტურია. ნახევარდაცვაში კი პრობლემები ისევაა.
კლუბში ბევრი ცვლილება მოხდა, სათადარიგო სკამზეც და ფეხბურთელებშიც. ალეგრის „იუვესთვის“ ადრე გოლის გატანა ძალიან ძნელი იყო, მაგრამ წავიდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც ბუფონი და კიელინი არიან, რომელთა დაუყოვნებლივ შეცვლა იოლი არაა. ცოტა დრო სჭირდება და ვიმედოვნებ, რომ ეს თამაში დადებითი ნიშანია. თუმცა, „იუვესთვის“ ეს მხოლოდ დასაწყისია და ახლა წინ ძალიან რთული მატჩები აქვს“, – თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 5 ოქტომბერს, შინ ჰაიფას „მაკაბისთან“ გამართავს, ხოლო 8 ოქტომბერს, სტუმრად „მილანს“ შეხვდება.