ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ვილიარეალთან“ მატჩის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, ეს ძნელად ასახსნელი თამაში იყო, რადგან ყველაფერში უპირატესობას ვფლობდით და სამი გოლით დაისაჯნენ.
„უცნაური მატჩი იყო, მაგრამ როცა 0:3-ს აგებ, მხოლოდ მეტოქეს უნდა მიულოცო და მარცხს შეეგუო. ჩვენს ფანებს ბოდიშს ვუხდი, რადგან ჩვენს არენაზე ასეთი წაგება ძალიან მძიმეა. თუმცა, უნდა გავაანალიზოთ ისიც, რაც 75-ე წუთამდე იყო. ბურთი გვქონდა, მაღლა ვთამაშობდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ გოლის გატანა. თუ ასეთ თამაშში კონცენტრაცია დაბალი გექნება, დაისჯები. ჩვენს გულშემატკივრებს მხოლოდ ბოდიში უნდა მოვუხადოთ და ვიფიქროთ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს მომავალში.
უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი. ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ, მართალია, რაღაც მომენტში შეტევაში უფრო მკვეთრად უნდა გვეთამაშა, არადა, ბურთს ფლობდით, მეტოქის ნახევარზე ვთამაშობდით, საგოლე მომენტები გვქონდა და საბოლოოდ სამი გოლით დაგვსაჯეს და ეს ძნელი ასახსენელია.
დღეს დიდი სევდაა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ ხვალიდან სერია A-ს მომდევნო მატჩს მოუთმენლად დაველოდებით, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს ამ სეზონში მისაღწევი მიზნები“, – თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ვილიარეალთან“ ორი მატჩის ჯამში 1:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში ზედიზედ მესამედ გამოეთიშა.