ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა ბარძალიმ Tuttosport-ს ძალიან ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მთლიანად იტალიური გრანდის შესახებ და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
საუბარი პოლ პოგბას ტრანსფერით დაიწყო. ბარძალი ასევე შეეხო ანხელ დი მარიას და „იუვეში“ მოსალოდნელ სატრანსფერო გადაადგილებებს:
– ახლა პოლ პოგბა ნამდვილად დაბრუნდა, როგორც 2012 წელს, როცა გუნდში თქვენც იყავით. რას ფიქრობთ პოგბაზე?
– მასთან ყოველთვის მშვენიერი ურთიერთობა მქონდა, პირველი ვარჯიშები მახსენდება. ის 18-19 წლის იყო და წარმოუდგენელი თვისებების მქონე ბიჭი ვნახე, რომელიც სიამოვნებას იღებდა და უმჯობესდებოდა. მას ყველაფერი ჰქონდა: ტექნიკა, ფიზიკა, პასი, სირბილი.
– რა გავლენას მოახდენს თქვენზე მისი დაბრუნება?
– მშვენიერი და სასიამოვნოა, თუნდაც ფანებთან პოლის ისევ ჩახუტება. „მანჩესტერში“ გატარებული 6 წლის შემდეგ დაბრუნდა, ის გუნდს დიდ ენთუზიაზმს მოუტანს.
– ტექნიკურად რას შემატებას ალეგრის გუნდს?
– პოგბა საერთაშორისო დონის ფეხბურთელია და უკვე თამაშობდა „იუვეში“. პოლმა იცის, როგორია ამ მაისურის ტარება და იცის, რას ნიშნავს გამარჯვება. პირველ რიგში ის გუნდს ხარისხის, გოლებს, საგოლე პასებს და მტკიცე ხასიათს მოუტანს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხარისხი და ხასიათია, რომელიც ბოლო წლებში გუნდში ცოტათი შემცირდა.
– ენთუზიაზმი დიდია, მაგრამ არიან სკეპტიკოსები, რომლებიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ პოგბაზე ფიქრობენ…
– „მანჩესტერში“ მას ტვირთის ტარება უწევდა, უნდა დაემტკიცებინა, რომ 105 მილიონი ღირდა. გარედან ვერ ხვდები იმ ზეწოლას, რასაც ბიჭმა უნდა გაუძლოს, როცა მოლოდინი ძალიან დიდია. ან ფეხბურთელი ხარ, რომელიც წელიწადში 60 გოლს იტანს, ან ძნელია იმის ჩვენება, რომ 105 მილიონი ღირხარ. ეს ძალიან მძიმე ტვირთი იყო მისთვის. თუმცა, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეუძლია დიდი დაბრუნება. „იუვენტუსისთვის“ ეს დიდებული ტრანსფერია.
– პოგბას გარდა, „იუვენტუსმა“ დი მარიაც დაიმატა. რას ფიქრობთ?
– დი მარიას მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ დავუპირისპირდი. ის წარმოუდგენელი ხარისხის ფეხბურთელია. მაინტერესებს იტალიაში მისი ხილვა. სუპერშენაძენია „იუვესთვის“. ნებისმიერ მომენტში შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. ეს არის ის, რაც თანამედროვე ფეხბურთში ცოტას აქვს.
– როგორ წარმოგიდგენიათ ალეგრისა და დი მარიას პირველი საუბარი?
– ზოგიერთ ფეხბურთელთან მწვრთნელისთვის ურთიერთობა ადვილი და დი მარიაც მათ შორისაა. ერთი სიტყვაც კმარა, რომ ყველაფერი გაიგოს. უფრო მეტიც, რაღაცებს მოედანზე თვითონაც მოიგონებს.
– „იუვენტუსმა“ პოგბა და დი მარია დაიმატა, „ინტერმა“ ლუკაკუ დაიბრუნა. რომელი უფრო გადაწონის სკუდეტოსთვის ბრძოლას?
– პოგბა და დი მარია, რადგან ორნი არიან. ლუკაკუმ დაამტკიცა, რომ სერია A-ში განსხვავების შექმნა შეუძლია, მაგრამ „იუვენტუსმა“ ორი ძლიერი ხასიათის ფეხბურთელი დაიმატა, თანაც ხარისხიანი, რაც აკლდა. პოგბა და დი მარია „იუვენტუსს“ კვლავ დიდებულს გახდიან.
– როგორია სკუდეტოზე თქვენი პროგნოზი?
– „იუვენტუსი“ და „ინტერი“ თანაბარ დონეზე არიან, შემდეგ „მილანი“ მოდის, მერე კი „ნაპოლი“.
– ალეგრიზე ერთი ისტორია შეგიძლიათ მოგვიყვეთ?
– ალეგრი ჭკვიანია და მან ეს შარშანაც დაამტკიცა. რთულ მომენტში მოხვდა, რომ მეტი უნდა გაეკეთებინა და სეზონის მეორე ნაწილში უკეთესი „იუვე“ ვნახეთ. წელს კიდევ უფრო რთული ამოცანა აქვს, რადგან კლუბი სკუდეტოს მოგებას უნდა დაუბრუნდეს.
– თქვენ ასევე შესანიშნავი ურთიერთობა გქონდათ კონტესთან, რომელმაც „ტოტენჰემში“ საოცარი ქამბექი შეასრულა…
– არავის შეუძლია ფეხბურთელი ისე შეაფასოს, როგორც ანტონიოს. ის საოცარია და „ტოტენჰემშიც“ დაამტკიცა. ასევე ახლო ურთიერთობა მაქვს პარატიჩისთან, რომელიც ხშირად მიკავშირდებოდა „ვოლფსბურგში“, სანამ „იუვენტუსში“ წამიყვანდა. ბენტანკურს და კულუშევსკის აკრიტიკებდნენ, მაგრამ ახლა „ტოტენჰემში“ გმირები არიან. კონტემ და პარატიჩიმ ფეხბურთი ძალიან კარგად იციან.
– ალეგრი და კონტე ძალიან განსხვავდებიან…
– დიახ, განსხვავებულები არიან, მაგრამ ერთი საერთო აქვთ. ისინი გამარჯვებისთვის ავარჯიშებენ გუნდს. მათ იციან, როგორ გაიმარჯვონ.
– დი მარიამ და პოგბამ ასევე გააცოცხლეს „იუვენტუსის“ ევროპული ოცნებები. რა გზას ელით ჩემპიონთა ლიგაზე „ბიანკონერისგან“?
– ბოლო წლებში „იუვენტუსი“ გავარდა გუნდებთან, რომლებიც ფურცელზე მასზე სუსტები იყვნენ. „იუვე“ მინიმუმ მეოთხედფინალში უნდა დაბრუნდეს, შემდეგ უკვე ეს ტურნირი ცვალებადია, გარდა იმისა, რომ დიდი გუნდები მეოთხედფინალში ყოველთვის უნდა გადიოდნენ.
– ძანიოლო „იუვენტუსის“ დონეა?
– არ ვიცი. არ ვიცი, ამ „იუვენტუსში“ ძანიოლო კარგად როგორ წარმოვიდგინო. ამას არ ვამბობ თვისებების გამო, რადგან ეს რომ აქვს, ფაქტია. თუმცა, ნორმალურია, რომ კლუბი მიზნად ისახავს ახალგაზრდა იტალიელების გადაბირებას. ძანიოლოს შეუძლია მომენტებში გუნდს არაპროგნოზირებადობა მისცეს, მისი ნახვა ჩემპიონთა ლიგის გუნდში მაინტერესებს.
– კიელინი ლოს-ანჯელესში წავიდა და თქვა: ფორვარდები ყიდიან ბილეთებს, მცველები ტიტულებს იგებენ. იზიარებთ?
– ეს უფრო მეტად იტალიაშია ფასეული, ვიდრე საზღვარგარეთ. საბოლოო ჯამში, ძლიერი დაცვა გამარჯვებაში გეხმარება, მაგრამ თავდამსხმელი თუ გოლს გაიტანს თამაშს მოგაგებინებს. თუმცა, სტატისტიკურად იტალიაში ის იგებს, ვინც ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებს და თავს უკეთ იცავს.
– დე ლიხტი მიდის, „ბაიერნი“ და „ჩელსი“ ზეწოლას ახდენენ. თქვენ მასთან იმუშავეთ: რა უფრო გიკვირთ, რომ მიდის თუ „იუვე“ 100 მილიონს რომ მიიღებს?
– მატაისს არ უჩვენებია თავისი მაქსიმალური პოტენციალი შარშან ჩინებული სეზონის მიუხედავად, რომელშიც დაცვის ლიდერი იყო. ეს უფრო ჰგავს პოგბას „მანჩესტერში“ გამოსვლას ზეწოლის კუთხით. მატაისი ტურინში ახალგაზრდა ჩამოვიდა და წინ ორი შესანიშნავი მცველი ჰყავდა, კიელინი და ბონუჩი. ადვილი არ არის, როცა ამდენს იხდიან შენში და ასეთი მოლოდინია. ძნელია იპოვო მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, როცა შენზე წინ ასეთი ორი მონსტრია. ის დიდი დანაკარგი იქნება „იუვენტუსისთვის“ თუ ნამდვილად წავა, ასევე იტალიის ჩემპიონატისთვის. ნორმალურია, რომ ამ შემთხვევაში ტოპმცველით უნდა შეიცვალოს, მაგრამ ტოპ ცენტრალური მცველები იშვიათია.
– დე ლიხტის წასვლის შემთხვევაში, როგორი ცენტრალური მცველი სჭირდება „იუვენტუსს“?
– ფიზიკურად ძლიერი, აგრესიული და სწრაფი, რომელიც თავდაჯერებული იქნება. გუნდის საფუძველი იყრება უკანახაზის ძლიერი და მტკიცე ხასიათის მოთამაშეებით.
– პირველი სიაში კულიბალი წერია. ეთანხმებით?
– კულიბალის ყიდვის შემთხვევაში მცველის პრობლემა მოგვარდება, რადგან კალიდუ მართლაც ძლიერია. ძალიან საინტერესო იქნებოდა ბრემერის ნახვა, მაგრამ მის შემთხვევაში საჭიროა გავიგოთ, როგორ რეაგირებას გააკეთებს დიდ ნახტომზე და ყოველ სამდღეში თამაშზე. შეცდომის დაშვების უფლება არ ექნება.
– მცველი, რომელიც უცხოეთში თამაშობს, ვის გამოარჩევთ?
– სევილიელი კუნდე. ჩემს შვილსაც მოსწონს.
– დღეს მცველები ძალიან ძვირად ფასობენ. ოდესმე გიფიქრიათ, რა იქნებოდა თქვენი ფასი დღევანდელ ფეხბურთში?
– სხვადასხვა დრო იყო. მე თავი 30 წლის ასაკში დავიმკვიდრე. ალბათ, 50 მილიონი მაინც ვეღირებოდი. გასახდელში თანაგუნდელებს ხშირად ვეხუმრებოდი: ჩვენ, მცველები ყველა ბინძურ სამუშაოს ვასრულებთ, სიამოვნებას ვერ ვიღებთ და სხვებზე ნაკლებს გამოვიმუშავებთ. თუმცა, ცხადია, სუპერპრივილეგირებულები ვიყავით. ჩემს შვილს სულ ვეუბნები, რომ წინ ითამაშოს, რადგან უკან დახევის დრო ყოველთვის ექნება.
– რას ეტყოდით გატის, რჩევისთვის რომ დაგირეკოთ?
– გულწრფელი ვიქნები: ასეთ ნახტომს როცა აკეთებ, ეს იმიტომ ხდება, რომ პოტენციალი გაქვს და ამას იმსახურებ. ამიტომ, მოვერიდებოდი ისეთ განცხადებებს, როგორიცაა, ისიამოვნე ამ მომენტით. არა, ფედერიკომ უნდა იბრძოლოს სათამაშოდ და ვფიქრობ, ასეც იქნება. ნაკრებში მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ფიზიკურად ძლიერია. თუ ის დაიმატეს, ეს ნიშნავს, რომ ძლიერია და ხარისხი აქვს.
– ისტორიული BBC-დან მხოლოდ ბონუჩი დარჩა. როგორი კაპიტანი იქნება?
– ლეო ყოველთვის კაპიტანი იყო. გასახდელში არიან ლიდერები, რომლებიც განსხვავებას ქმნიან. ბონუჩის ეს თვისებები ყოველთვის ჰქონდა.
– რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ვლაჰოვიჩი?
– დუშანს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. ის გუნდთან თამაშში უნდა გაუმჯობესდეს. შესანიშნავად აზროვნებს და დარწმუნებული ვარ, რომ დი მარია და კიეზა, როცა ის დაბრუნდება, ვლაჰოვიჩს ძალიან დაეხმარებიან. ეს მას გასულ სეზონში აკლდა.
– დიბალა ისევ თავისუფალი აგენტია. ელოდით ამას?
– არა, ჩემთვის უცნაირია, რომ პაულო 10 ივლისსაც უგუნდოდაა. მაინტერესებს სად წავა. მინდა, უცხოეთში ვნახო, სადაც მისთვის მეტი სივრცე იქნება. ასევე ახალი გამოცდილება იქნება, მაგრამ დიბალა დიბალაა, მას ყველგან ვნახავდი.
– პირლო თურქეთში იმუშავებს, ტევესმაც სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. ელოდით?
– ანდრა თამაშში დაბრუნდა და კარგად მოიქცა. მას რთული წელი ჰქონდა „იუვენტუსში“ კორონავირუსის გამო, ის წელი ნებისმიერი ახალბედისთვის რთული იქნებოდა. მას წარმატებებს ვუსურვებ. ტევესი „როსარიო სენტრალში“? კარლიტოსს გიჟური ხასიათი აქვს, მასში კარგ მწვრთნელს ვხედავ.