ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ Tuttosport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. მათ შორის, მატაის დე ლიხტზე და ყურადსაღები განცხადება გააკეთა, რამაც ნიდერლანდელის შესაძლო წასვლა კიდევ უფრო რეალური გახადა.
„იუვეს“ მიზანია მაღალი დონის გუნდის შენარჩუნება და ყველა მაღალი მიზნისკენ სწრაფვა. გვინდა გავცდეთ კლუბის კონცეფციას და გავხდეთ გლობალური კომპანია. „იუვე“ არის „ემოცია“, ამიტომ, მჯერა, რომ შეგვიძლია შევქმნათ პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ ფეხბურთის მოყვარულებს დააინტერესებთ. მაგალითად, ფერარი გლობალური ბრენდია და „იუვესაც“ შეუძლია იგივე გახდეს.
ანდრეა ანიელის 25 წელია ვიცნობ, მასთან ორმხრივი და დიდი ნდობა მაკავშირებს. ყოველთვის ვცდილობთ ყველაფერი დავგეგმოთ, მაგრამ არის ადამიანური ფაქტორებიც, რამაც შეიძლება გაგვაოცოს. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელებზე და არა მანქანებზე. სპორტული დირექტორია ფედერიკო კერუბინი, ჩემი ფუნქციაა კი მხარი დავუჭირო მას ან მოულოდნელად გავაღო მისი კაბინეტის კარი და ერთად შევაფასოთ იდეა, რომელიც შეიძლება გარედან გიჟურად ჩანდეს.
სატრანსფერო ბაზარზე ფიქსირებული სტრატეგია არ არსებობს. ყველანი ვსხედვართ მაგიდის ირგვლივ და სიტუაციას ვაფასებთ. რამდენიმე საათიანი დისკუსიის შემდეგ ყველანი ერთ აზრამდე მივდივართ.
პოგბა? მასთან მოლაპარაკებები გვაქვს და ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად ვითარდება. როგორ გაჩნდა მისი დაბრუნების იდეა? ყველა იდეა ასე იბადება: აღებ კარს, იძახი სახელს და ყველა გიჟივით გიყურებს. მერე კი ნელ-ნელა ოპერაცია რეალურ სახეს იღებს. პოგბას დაბრუნების იდეაც ასე გაჩნდა. მისი გუნდში ყოფნა ფუნდამენტური იქნება კომერციული თვალსაზრისითაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოცნებაა გუნდში გვყავდეს იტალიელი ფეხბურთელი, რომელსაც საერთაშორისო ცნობადობაც ექნება, როგორიც იყო მაგალითად, ტოტი, დელ პიერო ან ბუფონი.
რონალდუ? მისი გუნდში ყოფნით ბოლომდე სარგებელი კოვიდის გამო ვერ მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, რომ „იუვე“ ნებისმიერ ფეხბურთელზე მაღლა დგას, ასე იყო 125-წლიან ისტორიაში. გუნდი ინდივიდზე მნიშვნელოვანია და ეს წესები არ ყველამ უნდა დაიცვას.
ფინანსური წაგება? პანდემიის შედეგები ჯერ არ დასრულებულა, ბიუჯეტს ძალიან მტკივნეული შედეგით ვხურავთ. მუზეუმის დახურვამ 75-80 მილიონი ევროს ზარალი გამოიწვია. არ მინდა, ვინმე გავაკრიტიკო, მაგრამ იცით, რომ მაგალითად დუგლას კოშტა მომავალ ბიუჯეტზე როგორ იმოქმედებს?
დიბალა? თუ კონტრაქტის განახლება ჩვენთვის შეიძლება ძალიან მაღალი საფასურის გახდეს და არ ვსაუბრობთ ძალიან გიჟურ მოთამაშეზე, მაშინ მას ვეუბნებით, ნახვამდის. დიბალასთან იყო შეთანხმება, შემდეგ კაპიტალის გაზრდით გავაკეთეთ შეფასებები და მოლაპარაკებებში პაუზა ავიღეთ, რაც აგენტებსაც ვაცნობეთ. მერე ისევ შევხვდით და ვთქვით, რომ პირობები შეიცვალა. „იუვესა“ და დიბალას შორის ომი არ ყოფილა, მაგრამ ვიმეორებ: „იუვე“ ყველაფერზე მაღლა დგას.
ბევრ აგენტს არ ვხვდები, მინო რაიოლასთან ადრე შევხვდი, რადგან მასთან შეხვედრა მაინტერესებდა. როდესაც ვთქვი, რომ ფეხბურთელები ახლა აგენტებზე უფრო არიან მიჯაჭვული, ვიდრე კლუბებზე, მინომ ეს კომპლიმენტად მიიღო. უფლებამოსილების სისტემა უნდა დარეგულირდეს. არიან აგენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ გუნდებზე და ერთსა და იმავე კლუბში 9-10 ფეხბურთელი მიჰყავთ.
დე ლიხტი? დღეს შეუძლებელია ფეხბურთელის შენარჩუნება, რომელსაც წასვლა სურს, მაგრამ მოლაპარაკებების მაგიდიდან ყველა, სამივე მხარე კმაყოფილი უნდა ადგეს.
ვლაჰოვიჩმა გამაოცა. მას აქვს გამარჯვების და თავისი შესაძლებლობების დამტკიცების გიჟური სურვილი. ის მეომარია. ახალგაზრდებზე კურსი არ შეცვლილა, მაგრამ გვჭირდება ამოსავალი წერტილი. რონალდუს ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე საოცარი ეფექტი ჰქონდა და ახლა გვყავს ფაჯოლი, მირეტი და სულე, რომელთაც გვერდით უნდა ჰყავდეთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებისგანაც ბევრს ისწავლიან“, – თქვა არივაბენემ.