ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, -15 ქულით ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება 3 სკუდეტოს ტოლფასი იქნება.
„რომა“ შესანიშნავ სეზონს ატარებს, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. საკუთარ მოედანზე მგონი პირველი გუნდია, რომელმაც ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა, ან სამეულში იქნება. სავსე სტადიონზე კარგი თამაში იქნება, საჭიროა ყოჩაღები ვიყოთ და შესანიშნავად ვითამაშოთ.
პოგბას ბევრი წუთის თამაში არ შეუძლია, მაგრამ კარგადაა, ძალიან ბედნიერი ვარ დერბიში მისი თამაშით. სათადარიგო სკამზე მისი ყოლა ჩვენთვის კარგი გამოსავალია. მირეტი დაბრუნდა, მილიკი სანაკრებო პაუზის მერე დაბრუნდება, კაიო ჟორჟე ისევ ლაზარეთშია.
ჩვენთვის ხვალ მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან უშუალო კონკურენტს ვხვდებით. ადვილი თამაში არ იქნება. ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული. მნიშვნელოვანია რომში წასვლა და კარგად თამაში. პარედესი კარგადაა, ხვალ გადავწყვეტ ვინ ითამაშებს. ლოკატელი ბრუნდება, ყველანი ხელმისაწვდომი არიან. ბარენეჩეაც ჩვენთანაა, რომელმაც დერბიში კარგად ითამაშა. ამ თვალსაზრისით პრობლემა არ მაქვს, რადგან ყველას ნდობა შემიძლია.
დი მარიას მომავალი? ყოველთვის სასიამოვნოა გუნდში დიდი ფეხბურთელის ყოლა. ანხელი შესანიშნავია, კონტრაქტზე კლუბი იზრუნებს. ახლა პრიორიტეტი სხვა რამეა, შევაფასებთ სიტუაციას, არ ვიცით, ფეხბურთელებს რა სჭირდებათ. დი მარია ბოლო დროს ყოველთვის თამაშობდა, ზოგჯერ ბევრს, ზოგჯერ ნაკლებს, მაგრამ ყოველთვის და ძალიან კარგად.
დიბალა? პაულომ ჩვენთანაც და „რომაშიც“ დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვიცით მისი თვისებები, ვიცით, რომ ყურადღებით უნდა ვეთამაშოთ. მოთმინება და სიმშვიდე უნდა გამოვიჩინოთ. სათადარიგო ფეხბურთელებიც მნიშვნელოვანი იქნება, როგორც „ტორინოს“ წინააღმდეგ. კმაყოფილი ვარ, რომ ბევრი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა.
მოურინიო? ბედნიერი ვარ, თუ რამეში ვგავარ. მან 26 ტიტული მოიგო, „რომაში“ შესანიშნავად მუშაობს, რადგან ამ გუნდს რამდენიმე წელია ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის არ უბრძოლია. სამწუხარო იქნება, თუ სათადარიგო სკამზე არ იქნება, იმედი მაქვს, რომ იქნება. ჩემი აზრით, მწვრთნელს წითელ ბარათს თუ უჩვენებენ, შეიძლება დაჯარიმდეს, მაგრამ მომდევნო მატჩში მოედანთან უნდა იყოს. ვფიქრობ, ჯარიმებით იმ ხალხსაც დავეხმარებით, ვისაც ეს სჭირდება.
ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ამ სიტუაციაში თითქმის შეუძლებელია, ძალიან რთული. გუნდმა 50 ქულა დააგროვა, გარდა ამისა, „სალერნიტანასთან“ ქულა წაგვართვეს და 15 ქულა დაგვაკლეს. სტაბილურად უნდა ვითამაშოთ, გასათამაშებელი კიდევ 42 ქულაა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. ამ ეტაპზე ყველანი ჩვენგან ძალიან შორს არიან. ჩემპიონთა ლიგაზე -15 ქულით გასვლა სკუდეტოს ფასი იქნება? ერთი კი არა, სამი სკუდეტოს ტოლფასი იქნება“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, „რომასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 5 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.